სიახლეები
-
13 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ცქიტიშვილის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
თბილისის ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ცქიტიშვილის ქუჩაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და გზის საფარის განახლების პარალელურად მოწესრიგდა ტროტუარებიც.
მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა ცქიტიშვილის ქუჩაზე ათეულობით წლების განმავლობაში მოსაწესრიგებელი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ცქიტიშვილის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა წყალარინებისა და წყალსადენის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაზმომარაგების ქსელს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები.
ქუჩის საერთო ფართობი 5933 კვ.მ-ია. ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 370 878 ლარი გამოიყო.