სიახლეები
-
13 იანვარი 2017თქვენი რეკლამა
თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა გზის კეთილმოწყობას მოითხოვს
თბილისის სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა გზის კეთილმოწყობას მოითხოვს და აცხადებენ, რომ გზის საფარი ცუდ მდგომარეობაშია, ასევე, აწუხებთ ანტისანიტარია.
სამგორის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსმა ზურაბ თამლიანმა განაცხადა, ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პირველ ეტაპზე კი შესასწავლია მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობა, რადგან საკმაოდ გრძელი ქუჩაა და ბევრი მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელი აქვს.
მისივე თქმით, საკომუნიკაციო ქსელის დიდი ნაწილი აბსოლუტურად ამორტიზირებულია და სჭირდება რეაბილიტაცია.
“ასფალტის საფარს ვერ დავაგებთ, სანამ სრულად არ შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს კი სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ქუჩაზე ბევრი საწარმო ობიექტია, რომელთა მფლობელებმაც თავის დროზე, თვითნებურად გაიყვანეს საკომუნიკაციო მილები, ამის გამო ამორტიზებულია ქუჩა”,- აცხადებს გამგეობის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და სამგორის რაიონის გამგეობასთან ერთად ჩართულია კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“.
ზურაბ თამლიანის ინფორმაციით, ასფალტის დაგება იგეგმება წმინდა ბარბარეს დასახლებაში ოთხ ქუჩაზე: თამარის, გაიოზ რექტორის, ვალენტინ გიგინეიშვილისა და აღნიაშვილის ქუჩებზე. საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს თამარის ქუჩაზე.
“ფრანგულიანის ქუჩასთან დაკავშირებით გამოცხადდა ტენდერი და შერჩეული კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. გუმათჰესის 14-ზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მზადდება”,- აცხადებს ზურაბ თამლიანი.



