მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  იანვარი  2017

    საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული ეკლესია ინვესტორს ელის

    თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ავლაბარში არსებული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის უგუმბათო ეკლესია, XIX – XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს და თავზე ერთი სართულიც დააშენეს. ოთხსართულიან შენობად გადაკეთებულ ტაძარს აღმოსავლეთიდან მიშენება აქვს მიდგმული, რის გამოც არ მოჩანს აღმოსავლეთ ფასადი. შედარებით კარგად არის დაცული შენობის დასავლეთის ფასადის ავთენტური სახე, ასევე, სამხრეთის ფასადიც, თუმცა იგი ორ რიგად გაჭრილი ფანჯრების (ექვსი ზემოთ, ექვსი ქვემოთ) გამო დაზიანებულია. ჩრდილოეთის ფასადი გალესილია და მისი პირვანდელი სახე კარგად აღარ არ იკითხება.

    როგორც დეკანოზი ილია ჭიღლაძე აცხადებდ, ტაძრის ეზოში, თუ თავად ტაძარში დაკრძალულია მე–20 საუკუნის პირველი ოცწლედის ცნობილი სასულიერო პირი, დიაკონი, შედეგში მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე. თუმცა, საფლავი ამჟამად დაკარგულია.

    ქუჩას, რომელზეც საცხოვრებლად გადაკეთებული ეკლესია დგას, მთავარანგელოზის ქუჩა გასული საუკუნის 90-იან წლებში ეწოდა, თავად შენობა კი № 23-ში მდებარეობს და იქ, დღეისთვის დაახლოებით 22 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, სწორედ იმ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის ყველა ხელისუფლებას მიმართავდნენ თხოვნით, მათთვის საცხოვრებელი ფართი მიეცათ, ხოლო ეკლესიისთვის თავისი ძირითადი ფუნქცია დაებრუნებინათ.
    „ეკლესიაში ცხოვრება არ შეიძლება. აქ რომ შემოდიხართ, საფლავის ქვებია. ყველამ იცის, რომ ეს არასწორი საქციელია. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით თანხა არ აქვს ჩვენს დასაკმაყოფილებლად. აქ ბევრი ოჯახი ცხოვრობს”,- აცხადებენ ადგილობრივები. ​​

    როგორც “სითი კვირას” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. პრობლემა საპატრიარქომ და მერიამ ერთობლივად უნდა გადაჭრან, ანუ შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ხოლო მისი მაცხოვრებლები მერიის დახმარებით გაიყვანონ. ავლაბრის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის თხზულების ერთ-ერთ გვიანდელ ხელნაწერში, რომელიც 1815-1816 წლებში მღვდელ დავით ინანიშვილის მიერ არის გადაწერილი და ჩამატებულია ცნობები. იქ ნათქვამია, რომ ისანში ორი უგუმბათო ეკლესიაა – ერთი წმიდა მარიანასი და „მეორე მთავარანგელოსთა, რომელი აწ აღაშენა და განაახლა, მეტეხის დეკანოზმა იესემ, და ჰყო სასაფლავოდ წელს 1808“ 
     

    ტაძრის აგების თარიღისა და მაშენებლის შესახებ, ინფორმაციას გვაწვდის ეგნატე იოსელიანიც. ის ტაძრის მაშენებლად მხოლოდ ზემონახსენები დეკანოზის იესეს შვილებს – ზაქარიას და იოსებ სულხანიშვილებს მოიხსენიებს. მამა და შვილები ხშირ შემთხვევაში ერთად მოღვაწეობდნენ და არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაშიც ასე ყოფილიყო და ერთად აეგოთ ეს ეკლესია. ორივე წყარო ხაზს უსვამს, რომ წმიდა მთავარანგელოზი სასაფლაოს ეკლესიაა და რომ მისი აშენება თუ აღდგენა, პირდაპირ უკავშირდება სასაფლაოს მოწყობას.

    დავით ინანიშვილის ცნობებიდან ასევე ჩანს, რომ აქ უფრო ადრეც ყოფილა ეკლესია, მაგრამ როდის და ვინ ააშენა ის, ან რა ბედი ეწია, უცნობია.

    1800-იან წლებში მისი არქიტექტურის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ტაძარი უკვე ვეღარ იტევდა გაზრდილ მრევლს და თანაც, როგორც ჩანს, ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც გადაწყდა მის გვერდით ახალი ეკლესიის აგება. პროექტის გეგმაზე, ასაშენებელი ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთ-დასავლეთით, დატანილია ძველი ეკლესიაც, რომელიც იმ დროს მართალია, დაზიანებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად მისი კვალი პირწმინდად არის გამქრალი. აგურის ახალი ეკლესია განსაზღვრული იყო 200 კაცისთვის და ზომით დაახლოებით ორჯერ სჭარბობდა ძველს. ტაძრის მშენებლობა, სავარაუდოდ, 1903 წელს დასრულდა.

     

    1918 წლის ჟურნალი „ახალი სიტყვა“. „თბილისის ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც შარშან „იერიშით“ აიღეს და მიისაკუთრეს რუსებმა, პატრიარქ კათოლიკოზის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ლეონიდემ უკვე დაიბრუნა და ჩააბარა კანონიერ წინამძღვარს, დეკანოზ დ. იაშვილს. ექს. წინამძღვარი ხიტროვი უადგილოდ დარჩა“ („ახალი სიტვა“ № 13, 1918, გვ. 8).



    საბჭოთა ხელისუფლების წლებში შენობა ჩამოერთვა ეკლესიას და მას შემდეგ, რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. ერთხანს მასში განთავსებული იყო ქალაქის სასამართლო, შემდეგ პოლიკლინიკა, ბოლოს საცხოვრებელი ბინები. შენობა გადაქცეულია სარდაფიან სამსართულიან სახლად, რომელიც მეტწილად შეიცავს 1903 წლის ეკლესიის გარე კედლებს. გადაკეთებების მიუხედავად, ფასადებს მეტ-ნაკლებად შემორჩა ეკლესიის თავდაპირველი დეკორი. მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოსა და ქუჩაზეც დღემდეა შემორჩენილი ძველი საფლავის ქვები.

     

     


    წყარო: ჟურნალი ACADEMIA. 2011 წ. № 2. გვ. 92-96, მანონ ლილუაშვილის წერილები.
    ჟურნალი “თბილისელები”.


პარტნიორები