სიახლეები
-
10 იანვარი 2017თქვენი რეკლამა
გლდანში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. დასრულებულია ტერიტორიის ლანდშაფტური ფორმირება, მოედნის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები და ღობის კედლების მოწყობა. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის და ტრიბუნების მშენებლობა. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა სტადიონების საფარი.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2017 წელს, დედაქალაქს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ობიექტია.
“ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, აქ წელს უნდა გაიმართოს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშები. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ შარშან და ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა დაგეგმილ ვადებში დავასრულოთ. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი და დაპროექტებული სავარჯიშო კომპლექსი, რომლის სახითაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ობიექტი შეემატება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად, მშენებლობის მიმდინარეობას ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ.
როგორც “სითი კვირას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის მიხედვით სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.
მათივე ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრების ნაწილი რაგბის ახალ სტადიონზე გაიმართება.
რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.



