სიახლეები
-
"ჯორჯიან მანგანეზი" მიმდინარე წელს ახალი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობას გეგმავს
"ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი ’’ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანიის მიმდინარე წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
- ბატონო ზაქარია, თქვენი კომპანიისთვის მიმდინარე წელს მთავარი გამოწვევა რა იყო?
- 2016 მსოფლიოს მეტალურგიის კრიზისის პიკი იყო. ჩვენ საქმიანობის დასაწყისში მუშაობის სპეციალური რეჟიმის გამოცხადება მოგვიწია. წინასწარ დავაანონსეთ, რომ ეს 4 თვე გაგრძელდებოდა, როდესაც ჭარბი მარაგების გამო, ჩვენ მადნის მოპოვება საერთოდ შევწყვიტეთ ჭიათურაში და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო დაგროვილ მარაგებს ვიყენებდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა პირობა, რაც დავთქვით თანამშრომლების მიმართ შევასრულეთ და 20 მაისს მადნის მოპოვება აღვადგინეთ. ამ პერიოდში მოვახერხეთ და ახალი ტიპის მაღარო გავხსენით. ეს ბევრად უსაფრთხო გარემო და თანამედროვე, მობილური, მაღალწარმადობის ობიექტია.
-შრომის უსაფრთხოების კუთხით რა გაკეთდა?
- წლიდან წლამდე სტატისტიკა ჩვენ გაუმჯობესებული გვაქვს. სამწუხარო ფაქტები მაინც ხდება. გვინდა, რომ ეს პრობლემა საერთოდ აღმოფხვრილი იქნას, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ინსტრუქტაჟი, მარტო შესაბამისი ინვენტარით, თუ სპეც ტანსაცმლით აღჭურვა არ კმარა. აქ შინაგანი პასუხისმგებლობის საკითხია მნიშნელოვანი, რომელიც მუშებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ. თუმცა ბოლო დინამიკა რაც ჩვენ გვაქვს აქ ყველა ის შემთხვევა აღირიცხება, რაც დაუდევრობის შედეგად იქნა დამდგარი.
ჩვენ კოლექტიური ხელშეკრულება გავაფორმეთ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულებთან და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან. ხელშეკრულება ყველა პრობლემურ საკითხს გულისხმობს, რაც მუშებს აღელვებდათ - ზეგანაკვეთური სამუშაოების დაფინანსება, დასვენების დღეეებში მუშაობის ანაზღაურების კოეფიციენტი, ამავე დროს დასვენების დღეების დანამატი და ინფლაციური კურსის გათვალისწინებით, მათი სახელფასო სატარიფო განაკვეთების კომპენსირება. ყველა ეს პუნქტი გათვალისწინებულია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი 25.5 მეგავატიანი ღუმელის გახსნა, რაც რეალურად უკვე 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებია. შედარებისთვის ვიტყვი, რომ მსგავსი განახლება საამქროში 40 წლის წინ მოხდა. საგულისხმოა, რომ ეს სფერო ექსპორტის ნაწილში ქვეყანაში პირველია და სამწუხაროდ ხელშეწყობა არ არის. ამიტომ ჩვენ საკუთარი ძალებით თადარიგი თავიდანვე დავიჭირეთ და ჭარბი მარაგების თავიდან აცილება მოვახერხეთ.
ათწლეულობის პრობლემა ჰაერის დაბინძურებისა და მავნე ზემოქმედების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს გარემოს დაცვის კუთხით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.
-2017 წელს რა მოლოდინები გაქვთ და რა სიახლეებს გეგმავთ?
-კრიზისული რეალობა ნელ-ნელა ძალებს კარგავს, ანუ ჩვენ ნელ-ნელა პოზიტიურ დინამიკაში გავდივართ. ვერ გეტყვით, რომ ეს ის რეალობაა, რომლითაც ჩვენი სეგმენტი კმაყოფილია, მაგრამ გარკვეულ ნაწილში უკეთესობა შესამჩნევია. მომავალ წელს ჩვენი ძირითადი მიზნებია ახალი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობაა და აქ მხარდაჭერას და შესაბამის ინსტიტუტებთან სწორ კოოპერაციას ველით, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე წელია ამ პროექტზე ვმუშაობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ეს პროექტი რეალურ ფორმას მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2017 წლის ყველაზე მსხვილი პროექტი იქნება.





