სიახლეები
-
"ცენტრ-პოინტით დაზარალებული მოსახლეობის ეტაპობრივად დაკმაყოფილება უმჯობესია მაია რჩეულიშვილის მონაწილეობით მოხდეს"
მენაშენეთა ასოციაციამ "ცენტრ პოინტის" საქმეზე პრემიერმინისტრს წერილით მიმართა, სადაც ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა იყოს პატიმრობაში მაია რჩეულიშვილი, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი საუბრობს.
-ბატონო ირაკლი, მოკლედ ჩამოგვიყალიბეთ თქვენი არგუმენტები, - იმის გათვალისწინებით, რომ "ცენტრ პოინტის" საქმეს რეალური დაზარალებულები ნამდვილად ყავს, რომლებიც კეთილსინდისიერი მყიდველები იყვნენ და მათ ამ საქმეში ბუნებრივია არაფერი დაუშავებიათ...
-აბსოლუტურად გეთანხმებით აქ ათასობით ოჯახია დაზარალებული და მეტსაც გეტყვით, რომ ჩვენ ბევრი წელია აღნიშნულ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ჩემი აზრით, არანაირად არ ამართლებს წინასწარ პატიმრობას, განსაკუთრებით ქალბატონის და ამას ისიც ემატება, რომ იგი მძიმედ არის და ჯანმრთელობის სერიზოზული პრობლემები აქვს. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია. ამ საქმის მინაწილეებს თუ ჩამოვთვლით, არის დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც თავისი დაუსრულებელი მშენებლობის მოლოდინშია. ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხიდან ბრალდებაა და მეორე მხარეს თვითონ მაია რჩეულიშვილი და სამშენებლო კომპანიის მენეჯმენტი დგას. მაიას, რომ რამე უბედურება მოუვიდეს, ეს ხომ ყველასთვის ცუდი იქნება, სახელმწიფოს რამხელა ჩირქი მოეცხება, იმ მოსახლეობას საერთოდ ბოლო იმედი გადაეწურება და ოჯახისთვის ხომ ეს გამოუთქმელი უბედურებაა. ვფიქრობ, რომ ძალიან მიუღებელია, რომ ’’ნაციონალური მოძრაობა“ დეკრიმინალიზაციაზე და წინასწარ პატიმრობის გაუქმებაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში მათ დანერგეს, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა. აქ საუბარი არ არის, რომ სასამართლო ან ბრალდება არ უნდა იყოს.
-ეს უფრო ფართო კამპანიაა თქვენი მხრიდან, რომ ზოგადად წინასწარი დაკავება არ იყოს ბიზნესისთვის, ეს არის თქვენი რეკომენდაცია?
-მე პოლიტიკოსი არ ვარ, აქ უბრალოდ სუფთა ადამიანური ფაქტორია. თუ როგორც მოქალაქის ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, მე ვემხრობი, მთელ მსოფლიოში ასეა ე.წ. "თეთრი საყელოს" დანაშაულზე წინასწარი პატიმრობები არ არის ხოლმე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო მიმდინარეობს. უამრავი შემთხვევებია, როდესაც შინაპატიმრობა აქვთ და ა.შ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გამოძიება არ ჩატარდეს ან რამე მსგავსი.
-პასუხისმგებლობაზე თუ ვისაუბრებთ, რეალურად ვისი პასუხისმგებლობაა "ცენტრ პოინტის“ ის დამდგარი შედეგი და ფაქტი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, რადგან ხშირად ისმოდა დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები..
- წარმოიდგინეთ "ცენტრ პოინტი“ რამდენად წახალისებული კომპანია იყო. იყო პერიოდი, როდესაც მთელი მენაშენეთა ორგანიზაციები რთველში და ყურძნის შესყიდვის საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, ასევე მენაშენეებს ოსეთის ტერიტორიაზე მშენებლობები დაგვავალეს. მაგალითად, ჩვენ კომპანიას დავალებული ქონდა მინისტრთა საბჭოს მშენებლობა, "ცენტრ პოინტს“ - სასტუმროები, სხვა ორგანიზაციებს სუპერმარკეტები და ა.შ. მსგავს რაღაცაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავდა და რიგ შემთხვევებში ორგანიზაციები წახალისებულიც იყო. მე შემიძლია გაჩვენოთ კიდეც ბანკში მიწერილი ელექტრონული წერილები, როდესაც ბანკებს ვაფრთხილებდით, რომ კრედიტებს ასე ნუ გასცემდნენ და ბევრჯერ საჯაროდაც მითქვამს, რომ ეს შეგნებულად გაკეთებული ან უცოდინრობით ჩადენილი დანაშაული იყო. რაც მთავარია, ამ უთავბოლო საქმიანობაში მონაწილეობა პრაქტიკულად ყველამ მივიღეთ, თუმცა დეველოპერული ბაზრის ყველაზე დიდი წილი ცხადია, "ცენტრ პოინტის" იყო. ე.წ. "გადაგდებული კლიენტების“ ნახევარზე მეტი სწორედ ’’ცენტრ პოინტში“ იყო.
-თუმცა, როგორც თქვენ ამბობთ ამ ყველაფრის გამოძიება შესაძლებელია ისე, რომ მაია რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იყოს?
-ცხადია, გამოძიება აუცილებელიც არის და საჭირო, თუმცა მისი წინასწარპატიმრობაში ყოფნა ვის რას აძლევს, ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. შეიძლება ეს პრევენცია იყოს სხვებისთვის, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც უსახლკაროდ არის დარჩენილი, მათთვის რაღაც გამოსავლის მოძებნა და მათი ეტაპობრივად დაკმაყოფილება სწორედ მაიას მონაწილეობით არის უმჯობესი.




