სიახლეები
-
20 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
ერთსაუკუნოვანი შენობის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკოლას ააშენებენ
თბილისის საბურთალოს რაიონში, ვ. დოლიძის ქუჩაზე თითქმის ერთსაუკუნოვანი ავარიული შენობის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, თბილისის N61-ე სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ დიდი მოცულობის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ემსახურება და შესაბამისად, ახალი მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ლარზე მეტია.
მათივე ინფორმაციით, საჯარო სკოლის ახალი შენობა მომავალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. მანამდე კი სკოლის კონტიგენტი კოსტავას ქუჩის N71-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 სასწავლო კორპუსშია განთავსებული, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული მაქსიმალური ძალისხმევით, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობები და უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
„მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“,-აცხადებენ სამინისტროში.



