მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  დეკემბერი  2016

    ხელისუფლება ძველი პროექტების შეჩერების შეცდომას აღიარებს - "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი აშენდება

    ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაგეგმილი კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას უბრუნდება. ამჯერად საქმე ეხება თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდს, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ" 2013 წლის თებერვალში კატეგორიული უარი განაცხადა. დღეს კი ირკვევა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მეტიც, „მუნიციპალური განვითარების ფონდში" დონორთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. არადა, სწორედ მუნიციპალური ფონდი იყო, რომელმაც ქალაქის წინა ხელისუფლებას ეს პროექტი დაუწუნა. ახლა კი გამოდის, რომ ხელისუფლება ძველი პროექტების შეჩერების შეცდომას აღიარებს.


    ე.წ. დაკიდულ ხიდთან დაკავშირებით თბილისის მერიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის დაპირისპირება 2013 წლის დასაწყისში მოხდა. თებერვალში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.


    როგორც მაშინ ფონდში განმარტავდნენ, „შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით-80 მლნ ლარი) აღარ აიგება. საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან". - ამის შესახებ განცხადება ფონდმა 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა.


    ფონდის ამ გადაწყვეტილებას თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებს უგულავას პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.


    „ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე უარის თქმა სასაცილოა, რადგან „ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია. აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც იქნება შესაძლებელი, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს", - განაცხადა მაშინ უგულავამ.



    უგულავას საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა მურღულიამ ასეთი განცხადება გააკეთა: „სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირი ღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს. სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის ალტერნატიულ, მოსახლეობასთან შეთანხმებულ ვარიანტს".


    თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი ირკვევა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალი ხიდი მშენებლობასთან დაკავშირებით დონორთან აქტიური კონსულტაციები იმართება.


    „ქალაქის სურვილია, რომ ამ ხიდის პროექტი განხორციელდეს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა დონორთან. ამ ხიდის პროექტის განხორციელებას აპირებდა აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ ამჯერად მათთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ მოხდეს თვითონ ხიდის პროექტის კორექტირება. რამდენიმე დღის წინ ბანკის კონსულტანტების ჯგუფი იყო ჩამოსული და შეხვედრა ჰქონდათ მინიციპალური განვითარების ფნდში, სადაც წარმოადგინეს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულების ოპტიმიზაცია. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ამ საკითხების დაზუსტება. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უფრო მეტი კონკრეტიკა გვექნება და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით შეიძლება დავიწყოთ კიდეც მშენებლობა", - განუცხადა „კომერსანტს" ლექვინაძემ.


    რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ლექვინაძის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია 80 მილიონ ლარზე, თუმცა ეს ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს. „გამორიცხული არ არის, რომ პროექტის დამუშავებისას გარკვეული დეტალები შეიცვალოს და ამან იმოქმედოს პროექტის ღირებულებაზეც. ამიტომ, დღეს ზუსტად იმის თქმა, თუ რა დაჯდება ხიდის მშენებლობა, ცოტა რთულია", - განაცხადა ლექვინაძემ.


პარტნიორები