მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  დეკემბერი  2016

    სახლი, სადაც პაოლო იაშვილი და გიგა ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ, ინგრევა

    თბილისში პაოლო იაშვილის №7-ში მდებარე სამსართულიანი ავარიული შენობა, სადაც პოეტ პაოლო იაშვილი და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ცხოვრობდნენ, სავალალო მდგომარეობაშია. შენობაში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ქალაქის მთავრობისგან შენობის გამაგრებას მოითხოვენ.

    ​როგორც „სითი კვირას“ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ განუცხადა, შენობა უკვე, რამდენიმე წელია ავარიულია. სახლის კედლები დაბზარულია, ჭერიდან იყრება გაჯი, სადარბაზო რეაბილიტაციას საჭიროებს, შენობა – გამაგრებას. დაკეტილია პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი. მძიმე მდგომარეობაა სახლის ეზოშიც. ქვით ნაშენი საყრდენი კედელი იშლება.

    „სოლოლაკი ტერასებად არის განლაგებული. ჩვენს მაღლა თითქმის 10 მეტრის სიმაღლის ტერასაა. დიდი ბელტები ცვივა კედლიდან და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ქუჩაზე ქვაფენილი აყარეს, რატომ? გაუგებარია. ახლა უკეთესად აკეთებენ, მაგრამ თავის დროზე როცა აყარეს ქვაფენილი, სამაგისო არაფერი სჭირდა,”- აცხადებს კიკნაძე.
    მისივე თქმით, შენობა ყურადღებას საჭიროებს და ამის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსში. როგორც „სითი კვირას“ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, მალხაზ ლომიძემ განუმარტა, 35 წელია ამ სახლში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში სახლის დანგრევის საშიშროებას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის. შენობის ერთ ნაწილს საძირკველი გაუმაგრეს, მაგრამ უფრო მეტისთვის სახრსები არ ჰყოფნით.

    მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო წლების განმავლობაში საყრდენი კედლიდან ჟონავს წყალი, რის გამოც, შენობის კედლის ერთი ნაწილი დაწეულია. შენობის გამაგრების თხოვნით ადგილობრივებმა მთაწმინდის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს. “12 წლის წინ შეაკეთეს კომუნიკაციები, მაგრამ ეს კედელი ამ მდგომარეობაში დარჩა. ლორთქიფანიძეების მხარეს სახლი დღითიდღე იშლება, კედელი დაბლა იწევს. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო 30 წელია ეზოში წყალი ჟონავს. ეზოს კედლები სველდება. ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებიც იყვნენ და გეოლოგებიც. შენობის გამაგრების პროექტი შედგენილია“, – აცხადებს ლომიძე.

    მაცხოვრებლების ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ პროექტი შეადგინა, თუმცა გამაგრების სამუშაოების დაწყებაზე, დაფინანსების არარსებობის გამო უარი განაცხადეს.

    „ეს მნიშვნელოვანი შენობაა და როგორ შეიძლება იყოს ამ მდგომარეობაში. სადაც, ცხოვრობდა დიდი ქართველი პოეტი პაოლო იაშვილი. შენობის გამაგრებას ვითხოვთ. ჩვენ მაცხოვრებლებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მივხედოთ შენობას“, – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

     

     


    ავტორი: თამარ შელია
    ფოტო: ანი ნიქაბაძე


პარტნიორები