სიახლეები
-
"სამშენებლო ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ - არა ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე"
პარლამენტი სამშენებლო კოდექსის პროექტის განხილვას მომავალი წლის თებერვლიდან გეგმავს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, კოდექსი საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა რეგულაციები დაინერგება სამშენებლო სექტორში.
"სამშენებლო კოდექსის მიზანი ამ სექტორში ვითარების მაქსიმალურად დარეგულირება და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით სტანდარტების დახვეწაა. ეს არ იქნება ვიწრო სპეცილიასტების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. კოდექსის შემუშავების პროცესი წლების განმავლობაში იმიტომ გრძელდებოდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ყველა ჩვენგანს აწუხებს. ზოგადად, როცა რეგულაცია შემოდის, ვიღაც რა თქმა უნდა, ამ რეგულაციის მოწინააღმდეგეა და ამასთან დაკავშირებით შემოსავლების შემცირებაც არის ხოლმე. ასეთი მდგომარეობა ბევრ სექტორში გვაქვს - შემოიტან რეგულაციას და შეიძლება, შემოსავალი შემცირდეს, ამიტომ ამას ძალიან კარგი დათვლა უნდა“, - განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, ახალმა რეგულაციებმა არც ბიუჯეტი უნდა დააზარალოს და არც ბიზნესი.
"უსაფრთხოება ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს. გასაგებია, რომ ჩვენ ყველას კარგ სახლში გვინდა ცხოვრება, მაგრამ ეს სახლები არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ შემდეგ, სამკურნალოდ ონკოლოგიურ საავადმყოფოებში დავდიოდეთ. ამას უტრირებულად ვამბობ, მაგრამ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ორი არჩევანიდან, შუალედური უნდა გავაკეთოთ. ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს ადამიანების ჯანმრთელობისა და მათი დისკომფორტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს", - მიიჩნევს რომან კაკულია.
ამასთან, როგორც დეპუტატი განმარტავს, კოდექსის განხილვის პროცესში ქვეყნის ყველა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჩაერთვება.
"ეს მინდა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდეს, რადგან თუ მტკივნეული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, ამ ნაბიჯების აუცილებლობა საზოგადოებას მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს გათავისებული", - აღნიშნა მან.
სამშენებლო კოდექსის პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.




