მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  დეკემბერი  2016

    გაუქმებული საბავშვო ბაღის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსი აღარ აშენდება

    თბილისის საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას გამზირის N23 ა-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს, რომლის ადგილზეც შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, სარეკონსტრუქციო – გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.


    როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა, ხოლო შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცეს.


    “თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო”, – აცხადებენ მერიაში.
    მათივე თქმით, საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, აღნიშნული ბაღის აღდგენით კი, 350-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.


    მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიმდინარეობს შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება და მთლიანი ბაღის რემონტი. ბაღში 9 ჯგუფი გაიხსნება, აქედან ორი ბაგის ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტდება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

    სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს, ხოლო შენობის რეკონსტრუქცია – რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

    აღსანიშნავია, რომ გამსახურდიას გამზირის N23 ა-ში ​მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.

     

     

     

     


პარტნიორები