სიახლეები
-
08 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფო ოქროს წილის მფლობელი გახდა
ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ „ანაკლიის განვითარების კონსორცუმში“ სახელმწიფო ე.წ „ოქროს წილის“ მფლობელი გახდა.
„ოქროს წილი“ „ანაკლიის განვითარების კონსორცუმის“ კაპიტალის 0.01% შეადგენს, რომელიც კომპანიის მფლობელმა „ანაკლია ჰოლდინგმა“ (კონტი, თიბისი) საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, როგორც ამას ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება ითვალისწინებს.
„ოქროს წილის“ მფლობელს გარკვეული სახის უფლებები ენიჭება, მათ შორის ტრანზაქციების ნაწილი მის თანხმობას საჭიროებს.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის პროექტის წინასამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ პროექტში 100 მილიონ აშშ დოლარს ჩადებს, მათ შორის 96 მლნ ლარი ანაკლიაში მიწების გამოსყიდვაზე დაიხარჯება, დაგეგმილია საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
2,5 მილიარდიან პროექტს კი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განახორციელებს. პროექტში ინვესტორად შედის China national technical import and export corporation.
„ანაკლია ჰოლდინგის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ჩინური კომპანია პროექტის კაპიტალში შევა. საუბარია 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, თუმცა შესაბამისად, რა წილს მიიღებს ის ჰოლდინგში ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.