სიახლეები
-
„ნუ მოჭრი, მორთე!“ – წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეების მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდება
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, კამპანიას – „ნუ მოჭრი, მორთე!“ იწყებს.
ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ, როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში მდებარე სკვერებში, პარკებში და ბაღებში, საცხოვრებელი სახლების ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე შეარჩიონ ნაძვის ხე და თავად მორთონ.
როგორც “სითი კვირას” სამინისტროში განუმარტეს, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გაძლიერდება კონტროლი სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ნაძვის ხედ გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. ნაძვი და სოჭი 150-300 წელს ცოცხლობენ.





