სიახლეები
-
საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
"საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" ქუთაისის მერის მოადგილე პაატა კლდიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ქალაქში დამატებითი სასტუმროების მშენებლობა აუცილებელია, რამდენადაც ამჟამად ქალაქში არსებული სასტუმროები მუდმივად დატვირთულია, კონკურენცია დასასვენებელ სახლებს შორის თითქმის არ არის და მათ "საკმარისზე მეტი კლიენტი ჰყავთ".
"სასტუმროს ბიზნესი ძალიან პოპულარულია ინვესტორებისთვის ქუთაისში, მშენებლობის უამრავი ნებართვა გვაქვს გაცემული, უამრავი შენდება. ჩვენ ვაკვირდებით სასტუმროების მუშაობას და საკმაოდ მაღალი დატვირთვით მუშაობენ. ამიტომ კონკურენცია მათ შორის დიდი არ არის, კლიენტები საკმარისზე მეტი ჰყავთ. დამატებით სასტუმროების მშენებლობა, განსაკუთრებით საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- აცხადებს მერის მოადგილე.
მისივე განცხადებით, სასტუმროების მშენებლობა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქალაქში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. პაატა კლდიაშვილის პროგნოზით, 2016 წელს წინა ქუთაისში ტურისტების რიცხვი სავარაუდოდ 30%-35%-ით იქნება გაზრდილი წინა წელთან შედარებით.




