სიახლეები
-
Doing Business-ის რეიტინგში ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებს იკავებს
მსოფლიო ბანკის კვლევის - “Doing Business 2017-ის” მიხედვით, საქართველო რეიტინგში დაწინაურდა და მე-16 ადგილი დაიკავა. გასულ წელს ქვეყანა ამ კვლევის მიხედვით 23-ე ადგილს იკავებდა. საქართველო ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი მსოფლიოში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა და სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ სამეულში.
საქართველო ასევე მსოფლიოს იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელებმაც ბიზნეს რეგულაციების კუთხით წარმატებას მიაღწიეს. ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მაკედონიასა და ლატვიასთან ერთად მოწინავე პოზიციაზეა.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში, საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილი დაიკავა.
გასულ წელს საქართველომ განახორციელა 5 წარმატებული რეფორმა შემდეგი მიმართულებებით: ელექტროენერგიით მომარაგება, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარული ინვესტორების დაცვა, საზღვრებს შორის ვაჭრობა და გადასახადების გადახდა, რაც დადებითად აისახა მიმდინარე წლის კვლევის შედეგებში.




