მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2016

    თბილისის ცენტრში ასათვისებელი ფართი აღარ დარჩა – დეველოპერები გენგეგმის მოლოდინში

    დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები თბილისის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სივრცეების შესანარჩუნებლად, K2 კოეფიციენტის მომატებაზე დაწესებულ შეზღუდვას დადებითად აფასებენ, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ამის გამო, შესაძლოა, დედაქალაქის ცენტრში ბინებზე ფასმა მოიმატოს.
    ​მათივე აზრით, ქალაქის განვითარებასა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე ზრუნვა ყველა მშენებლისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუმცა, ისიც რეალობაა, რომ თბილისის ცენტრში ასათვისებელი ფართი უკვე აღარ დარჩა და კოეფიციენტების შეზღუდვით სამშენებლო კომპანიები ნაკლებად დაზარალდებიან.
    დედაქალაქში k2 კოეფიციენტის მომატებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, 2017 წელსაც გაგრძელდეს.

    “სითი კვირა” დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები?
     დეველოპერული კომპანია “სვეტის” დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ განუცხადა, ქალაქგეგმარებაზე მუშაობა დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო და ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილიყო მსგავსი დოკუმენტი.

    მისივე თქმით, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი განვითარების და განაშენიანების გეგმა. k2 კოეფიციენტის შეზღუდვა ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან სხვა შემთხვევაში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მშენებლობა ქაოტურად გაგრძელდება. 

    თორნიკე ჯანელიძე იმედოვნებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველო” გერმანელ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნიან დოკუმენტს, რომლითაც ნებისმიერი მშენებელი ან ინვესტორი შეძლებს იხელმძღვანელოს.

    “დეველოპმენტი ნიშნავს მიწაზე ღირებული აქტივი შექმნა და არა სიმახინჯე და მხოლოდ ფულის შოვნაზე იყოს ორიენტირებული. თბილისის ცენტრალურ უბნებში ძალიან მცირეა ისეთი მიწები, რომელზეც შეიძლება ღირებული პროექტის განხორციელება. ქალაქის განაშენიანების არსი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარდეს ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალური ნაწილი, არამედ მისი გარე უბნებიც. შესაბამისად, k2 კოეფიციენტის შეზღუდვა გამოიწვევს არა ბინებზე ფასების მატებას, არამედ გარე უბნებში ფასების შემცირებას და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე არსებობს. ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება საკუთარი ბინა”, – აცხადებს თორნიკე ჯანელიძე.

    ​მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში k2 კოეფიციენტის შეზღუდვა მისი კომპანიისთვის საერთო ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან მათი მიმართულება არის არა ვაკე, საბურთალო და სხვა ცენტრალური უბნები, არამედ ქალაქის გარე უბნები.  როგორც საერთაშორისო საბროკერო კომპანია „რემაქს კაპიტალის“ მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი აცხადებს, დროებითი შეზღუდვა წლის დასაწყისში დაწესდა და მაშინვე მოსალოდნელი იყო, რომ ეს შეზღუდვა ცენტრში გარკვეულწილად დარჩებოდა. ამისთვის უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები მზად იყვნენ.

    ​მარიამ ასათიანის თქმით, შეზღუდვასთან ერთად, დეველოპერებმა უნდა იცოდნენ, რა ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს მათ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი არ მოიცავს მხოლოდ შეზღუდვას. ისინი მოელიან ისეთ დოკუმენტს, სადაც იქნება წარმოდგენილი, თუ რა წახალისება ექნებათ, ან რომელ უბნებში ექნებათ შეთავაზებები დეველოპერებს, სად მოეწყობა ახალი საცხოვრებელი, თუ კომერციული ფართები და ა.შ


    “თუ მხოლოდ კოეფიციენტი შეიზღუდება და მეტს არაფერს შემოგვთავაზებს ეს დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში სამშენებლო ბიზნესის განვითარება შეჩერდება, რადგან ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ სფეროზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, რომ გენგეგმის დოკუმენტი მოგვცემს ახალ სივრცეებს, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამშენებლო ბიზნესის განვითარება”,- მიაჩნია მარიამ ასათიანს.
    მისი აზრით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარკვეული შეზღუდვები თუ დაწესდება, სანაცვლოდ გარეუბნებში შეიქმნება კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსები, განვითარდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პერიფერიებში ცხოვრება უფრო კომფორტული გახდება.
    “ჩვენს ქალაქს ნამდვილად აკლია ასეთი ტიპის საცხოვრებელი ადგილები, რაც ჩვეულებრივი სტანდარტია სხვა ქალაქებისთვის. შესაძლებელია პერიფერიებში უფრო კომფორტული გახდეს ცხოვრება, თუ სწორად შეირჩევა საცხოვრებელი ადგილები. ამდენად, დეველოპერებისთვის ეს შეზღუდვა არ იყო ტრაგედია”, – აცხადებს კომპანია „რემაქს კაპიტალის“ წარმომადგენელი.

    დეველოპერული კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორი გოგა კაპანაძე K2 კოეფიციენტის გაზრდაზე დაწესებულ შეზღუდვას დადებითად აფასებს და მის მომავალში გაგრძელებასაც მხარს უჭერს.
    მისი აზრით, ეს შეზღუდვა იმოქმედებს ქალაქის ცენტრში ბინის ფასებზე, ბინები გაძვირდება, თუმცა, ზოგადად ბაზარზე განსაკუთრებულ ზეგავლენას არ მოახდენს.

    თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა თბილისის მერიას გენგეგმის კონცეფცია უკვე ჩააბარა. კონცეფცია სამ ძირითად საკითხს მოიცავს: ქალაქის კომპაქტურობა, მწვანე ქალაქი და კარგი სატრანსპორტო კავშირების მქონე ქალაქი.
    “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, k2 კოეფიციენტთან დაკავშირებით ძალაში რჩება ისევ ის შეზღუდვა და აკრძალვა, რაც მათი მუშაობის პირველივე სამ თვეში შესთავაზეს თბილისის მერიას.


    მისივე თქმით, ბოლო წლებში თბილისში მიმდინარე ქაოტური მშენებლობების გამო, გაუარესდა საცხოვრებელი გარემო, ამიტომ, დედაქალაქის მერიას K 2 კოეფიციენტზე შეზღუდვა მთელი ქალაქის მასშტაბით შესთავაზეს, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული შეზღუდვა, მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში დაუშვა.
    „ჩვენ სამუშაოდ კიდევ გვაქვს დაახლოებით 5 თვე. 2017 წლის აპრილში, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ ვარიანტს, საბოლოო სახით წარვადგენთ”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
    მისივე თქმით, გენგეგმის ჯგუფის წევრები უახლოეს ხანებში, ​დეველოპერებთან შეხვედრას გეგმავენ, რათა ერთიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მათი მოსაზრებები მოისმინონ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები