მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  ნოემბერი  2016

    თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი: "თბილისში K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ძალაში უნდა დარჩეს"

    თბილისში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგაც შენარჩუნდება - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენენარულ გეგმაზე მომუშავე კომპანიის „სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმღვანელი მამუკა სალუქვაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, როდესაც დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა, პირველი რეკომენდაცია სწორედ K2 შეზღუდვას ეხებოდა, რადგან ქალაქში ძალიან მომრავლდა მაღალი სახლები და ამისთვის არც ინფრასტრუქტურა და არც გზები მზად არ იყო.

    სალუქვაძე ამბობს, რომ როდესაც დოკუმენტზე მუშაობა დასრულდება ზუსტად გვეცოდინება, სად რა საცხოვრებელი საშუალებებია, მათ შორის: K1, K2 კოეფიციენტების თვალსაზრისით. თუმცა მისივე თქმით, ჯგუფს მიაჩნია, რომ აკრძალვა ძალაში უნდა დარჩეს.

    მისივე თქმით, გენერალური გეგმის ჯგუფს ევალება დაადგინოს ქალაქის ფუნქციური ზონები.

    რაც შეეხება მწვანე სახურავების საკითხს, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ დოკუმენტში კონკრეტულად მწვანე სახურავებზე არაფერი წერია, თუმცა რეკომენდაციის სახით მერიას მიმართავენ, რომ ქალაქში მწვანე ინფრასტრუქტურის სისტემა ჩამოყალიბდეს, მათ შორის ვერტიკალური გამწვანების კუთხით. ამასთან, სალუქვაძის განმარტებით, მაგალითად საფრანგეთში, სადაც მწვანე სახურავების შექმნის ვალდებულება არსებობს, გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.

    „სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელის თქმით, გენერალურ გეგმაზე მუშაობა 15 აპრილს დასრულდება. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი მერიაში განხილვები დაიწყება.

    დეველოპერული კომპანიები, რომლებსაც რადიო „კომერსანტი" ესაუბრა ამბობენ, რომ K2 კოეფიციენტის შეზღუდვა ცენტრალურ უბნებში უძრავ ქონებაზე ფასებს გაზრდის და სამშენებლო პროცესები გარეუბნებში გადავა.

    „არსის" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობს დოკუმენტზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს თამაშის წესები. „ თუ გენერალური გეგმის ჯგუფის ხედვა იქნება, რომ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე შეზღუდვა უნდა დარჩეს, მაშინ საკითხს დავეთანხმებით, რადგან ეს ჯგუფი დოკუმენტზე დიდი ხანია მუშაობს და სწავლობს მდგომარეობას" - აცხადებს აბულაძე. ამასთან, მისივე თქმით, უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება ქალაქის ცენტრად. აბულაძე ამბობს, რომ მოსალოდნელია ფასების ცვლილება და შესაძლოა, რადიკალურადაც. თუმცა აქცენტი გადავა პერიფერიულ უბნებში. აბულაძე დასძენს, რომ ფასებს ზოგადად ბაზარი დაარეგულირებს, საბოლოო ჯამში კი, ზოგადად უკვე არსებული უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება.

    დეველოპერული კომპანიასვეტის" ხელმძღვანელი თორნიკე ჯანელიძეც ამბობს, რომ უძრავი ქონება გაძვირდება ცენტრალურ უბნებში, თუმცა დეველოპერები დაიწყებენ ფიქრს გარეუბნების ათვისებაზე. მისივე განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში ქალაქი ქაოტურად ვითარდებოდა , ევროპულ ქვეყნებში კი არსებობს ქალაქგეგმარების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია ოპერირება. ჯანელიძის თქმით, ეს გამოიწვევს გარეუბნებში ფასების შემცირებას კონკურენციის გამო და ცენტრალურ უბნებში, სადაც ნაკლები კონკურენცია იქნება, ფასების გაიზრდება.

    k2 კოეფიციენტის გაზრდაზე შეზღუდვა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში აამოქმედა, დროებითი შეზღუდვის შემოღების მიზანი ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილება იყო.

    რამდენიმე დღის წინ კი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „ბიზნესკონტრაქტის" ეთერში განაცხადა, რომ კონკრეტულ უბნებში k2 კოეფიციენტის დროებითი შეზღუდვა, შესაძლოა, ძალაში დარჩეს.


პარტნიორები