სიახლეები
-
ბათუმში 30 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი შეჩერდა - მერიამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა
ბათუმში 30 მილიონიანი მრვალაფუნქციური პროექტი შეჩერდა. პროექტს „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანია"ახორციელებდა, გეგმის მიხედვით, ბულვარის დასაწყისში, ნინოშვილის ქუჩაზე ძველი, უსახური სახლების ადგილას მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები უნდა აშენებულიყო. მათ შორის, 100 ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარები, საცურაო აუზი, ბოულინგ კლუბი, ფიტნეს დარბაზი.

კომპანიის ხელმძღვანელი როინ ბერიძე დღეს რადიო„კომერსანტთან" ამბობს, რომ ბათუმის მერიამ პროექტისთვის ნებართვის გაცემაზე უარი თქვა. „მერიის პოზიციაა, რომ ამ ტერიტორიაზე არ სურს მაღალსართულიანი შენობების აშენება, ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა და იგეგმება 28-33-35 სართულიანი სახლების აშენება, თუმცა უარი მივიღეთ და პროექტიც გაჩერდა" აცხადებს ბერიძე.

მისივე განცხადებით, თავდაპირველად პროექტი რუსულ სამშენებლო კომპანია „რუსიჩთან" ერთად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მოგვიანებით ინვესტორი შეიცვალა, დღეს როინ ბერიძე ამბობს, რომ პროექტით დეველოპერული კომპანია „სვეტი" დაინტერესდა.

ახალი კომპლექსის აშენების შემთხვევაში კომპანიას ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილება მოუწევდა. საუბარი იყო 41 ოჯახზე „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანიის"-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება ჰქონდათ და კომპანია მზად იყო ისინი დაეკმაყოფილებინა.
ავტორი: სალომე სოსელია




