სიახლეები
-
კრწანისის სამთავრობო ავტოსადგომში 120 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება
თბილისის კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17 313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის შენობა ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ 27 ათას ლარად გაიყიდა.

როგორც “სითი კვირას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, მიწის ნაკვეთი პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა და აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ავტოსადგომის შენობაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოაწყოს, რისთვისაც განახორციელებს 10 000 000 ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას.
მათივე განმარტებით, პროექტი “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელ-მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე გაყიდული ობიექტია. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე მანამდე დავით აღმაშენებლის გამზირის N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750 001 ლარად გაიყიდა, სადაც ინვესტორმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოაწყოს და 5 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო ხანებში ქვეყანაში ტურისტული ნაკადის რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სექტემბერში ბიზნეს სექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთობლივად შეიმუშავეს.






