მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  ნოემბერი  2016

    “მწვანე ქალაქი” და ენერგოეფექტურობა – დავით ნარმანია EBRD -ის წარმომადგენლებს შეხვდა

    თბილისის მერია “ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან” (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. „მწვანე ქალაქის“ და ენერგოეფექტურობის მიმართულებით EBRD-მა, საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში, ის კომპანიები შეარჩია, რომელთა კონსულტანტებიც, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ორი მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, შეიმუშავებენ “მწვანე ქალაქის” სამოქმედო გეგმას (კომპანია EMPRESS) და მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის ტექნიკურად განხორციელების ანალიზს განახორციელებენ (კომპანია ACCIONA INGENIERIA).

    ​პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მუნიციპალური შენობებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზა, შეირჩევა სარეაბილიტაციო შენობები, რის შემდეგაც განისაზღვრება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები და მეთოდები.

    როგორც “სითი კვირას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტზე და თანამშრომლობის გზებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიისა და EBRD-ის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

    ​დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ​როგორც შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით თბილისის მერია აქტიურად მუშაობს.

    ​მისივე თქმით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო ბაღების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება აღნიშნული ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე.

    „მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის განხორციელება აქტუალურია, ერთი მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანად გამოყენების და, მეორე მხრივ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან მკვეთრად მცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე და „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც, CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20%-ით უნდა შემცირდეს. კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის ყველა სამსახური მზად არის, საკითხზე აქტიურად იმუშაოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

     

     

     


პარტნიორები