სიახლეები
-
რა შენდება თბილისის ათეშგას პირდაპირ? – არქიტექტურის სამსახურის განმარტება
თბილისის ათეშგას პირდაპირ, გომის ქუჩის N1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და აცხადებენ, რომ
წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით, მშენებარე სასტუმროს ბანის ტიპის ტერასაზე მცირე ზომის ხის ფანჩატურის მოწყობა იგეგმება, რომელიც ხელს არ შეუშლის ბეთლემის უბნის სხვადასხვა წერტილებიდან, მათ შორის, ათეშგადან ხედების აღქმას და ორგანულად ეწერება არსებულ განაშენიანებაში.
როგორც “სითი კვირას” არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, ორგანიზაცია Icomos Georgia -ს ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საბჭო განიხილავს ზემოაღნიშნულ შენობაზე კიდევ ერთი სართულის დამატების და შენობის სახურავზე რესტორნის მოწყობის საკითხს, რაც დაჩრდილავს მიმდებარედ არსებულ თბილისის ათეშგას, სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, გომის ქუჩის N1-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 25 ოქტომბერს შევიდა. რადგან საპროექტო ტერიტორია თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მდებარეობს, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია თბილისის მერიაში შექმნილმა მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა და წარმოდგენილი ესკიზი დადებითად შეაფასა.
„ტერიტორიის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურში კვლავ შემოიტანა განცხადება ახალი ესკიზის შეთანხმებაზე, რომლის შესახებაც, აგრეთვე, მსჯელობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“,-აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.
მათივე განმარტებით, ესკიზის წინასწარი შეთანხმება არ ნიშნავს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ესკიზის შეთანხმების სტადიაზე სამსახური მხოლოდ საპროექტო წინადადებას განიხილავს ესკიზის სახით.
“საკითხის განხილვაში ჩართვისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება აქვთ საკითხით დაინტერესებულ პირებს, მართ შორის, ორგანიზაცია Icomos Georgia -ს წარმომადგენლებს”, – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.





