სიახლეები
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლოს შევა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც „კომერსანტს" აეროპორტის მფლობელ „ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და ახალი ტერმინალი 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება. კომპანიამ აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო გადაწყვიტა, რადგან მათი მონაცემებით, მხოლოდ 2015 წელს აეროპორტის მგზავრების რაოდენობამ 1.800 000 გადააჭარბა.
ახალი ტერმინალის ფართობი 12 ათასი კვადრატია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, მიმოსვლის ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ტერმინალის აშენების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 3.500 000 მგზავრს მოემსახურება.
ახალი ტერმინალის მშენებლობას საფუძველი მიმდინარე წლის ივნისში ჩაეყარა.
"ტავჯორჯია" "TAV Airports Holding"-ის შვილობილი კომპანიაა , რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე დარჩება ქვეყანაში. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ექსპლუატაციაში 2007 წელს შევიდა.
ავტორი: სალომე სოსელია




