სიახლეები
-
"ბიუ-ბიუს" მწარმოებელი 2017 წელს კიდევ ერთი საწარმოს ააშენებს
კომპანია „ჩირინა", რომელიც პროდუქციას „ბიუბიუს" ბრენდით უშვებს, მომავალი წლიდან ახალ ქარხანას სართიჭალაში ააშენებს. კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კომპანიამ მიწის ფართობი უკვე შეიძინა და სამშენებელო სამუშაოებს 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
ვაშაკიძის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობაში კომპანია „ჩირინა" დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ქარხნის პროექტირების სამუშოები მიმდინარეობს. როგორც ვაშაკიძე ამბობს, ახალი ქარხანა მთლიანად ხორცის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული და სოსისებს და ძეხვებს გამოუშვებს.
კომპანიამ სოსისების სატესტო წარმოება დაახლოებით 1 თვეა დაიწყო. დღეს ვაშაკიძე ამბობს, რომ ქათმის სოსისები ძირითადად ბავშვებისთვის და მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი და საკმაოდ აქტიურად იყიდება. მისი ინფორმაციით, კომპანია „ჩირინა" დღეში დაახლოებით 1 ტონამდე რაოდენობის ქათმის სოსისს ყიდის. ვაშაკიძის თქმით, მომავალი წლიდან სოსისების წარმოება მასშტაბური გახდება. იგეგმება ძეხვების წარმოებაც.
კომპანია „ჩირინა" ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მისი ბრენდი „ბიუ-ბიუ" ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. ამჟამად კომპანიას საწარმოები აქვს მარტყოფში, სართიჭალაში და სოფელ გამარჯვებაში.
ავტორი: სოფო ქსოვრელი




