სიახლეები
-
"ბინებზე მოთხოვნა ისევ ფიქსირდება და გაყიდვებზე ლარის კურსს გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია"
ბინებზე მოთხოვნა ისევ ფიქსირდება და გაყიდვებზე ლარის კურსის ცვლილებებს ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია,- ამის შესახებ „რემაქს კაპიტალის“ მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი აცხადებს.
მისი თქმით, კურსზე ნებისმიერი ცვლილება იწვევს გარკვეულ სტრესს უძრავი ქონების ბაზარზე, რადგანაც ყველა მიიჩნევს, რომ ეს დროებითია და ელოდება უკეთეს მომენტს შეძენისთვის. თუმცა, "რემაქს კაპიტალის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბაზარი ჯერჯერობით ამის ეფექტს ვერ ხედავს და მოთხოვნა ისეთივეა, როგორიც წინა პერიოდში.
"საერთოდ, არის ხოლმე ასეთი მოსაზრება, რომ ფასები დაკლებულია, თუმცა, მე არ ვეთანხმები ამას. თუ ჩვენ შევადარებთ 10 წლიან ჭრილში ფასებს ვნახავთ, რომ მიწოდება გვაქვს ისეთ სეგმენტში, სადაც უპრეცენდენტოდ მაღალი ფასებია და 10 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი ფასები არ არის ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვა ადგილას სხვა კომპლექსები, სადაც ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე იყო.
თუ ფასმა დაიწია, ეს მოხდა კონკურენციის ზრდის და მრავალფეროვნების ხარჯზე. ოდნავ შეიძლება ფასის შემცირება იყოს, ისიც იმიტომ, რომ მეტი ბინა მიეწოდა ბაზარს, ვიდრე 10 წლის წინ, რამაც გამოიწვია ფასების შემცირება და არა იმან, რომ ბინები არ იყიდება. მოთხოვნა ბინებზე არის და თითქმის ყველა ახალაშენებულ სახლში იყიდება ბინა, თუ არის ფასი ხარისხთან და ადგილთან შესაბამისი",- აცხადებს მარიამ ასათიანი.




