მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ნოემბერი  2016

    თბილისში ნუშის ბაღები გაშენდება

    დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის მერია ნუშის ბაღების გაშენებას გეგმავს. მერიის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს ​​საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი, თუმცა, დასძენს, რომ ნუშს ხშირი მორწყვა სჭირდება და აუცილებელია, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ნუშის ბაღების ტერიტორიაზე გამართული სარწყავი სისტემის მოწყობა უზრუნველყოს.
    ​როგორც “სითი კვირას” თეიმურაზ კანდელაკმა განუცხადა, ნუშის ბაღები დედაქალაქში, კერძოდ კი, სოლოლაკში წლების წინაც არსებობდა, სადაც ძალიან კარგად გაიხარა და მსხმოიარეც იყო.


    „ნუში არ არის ცუდი მცენარე ჩვენი პირობებისთვის. ნუშის ხის ბაღებსა და სკვერებში მასობრივად გაშენება სწორი არ იქნება, აქა-იქ შეიძლება, სადაც შიშველი ფერდობები და ღრმა ნიადაგია. ამ ხეს ხშირი მორწყვა სჭირდება. მარტო ბაღის გაშენება საკმარისი არი არის”, – აცხადებს კანდელაკი.
    ​მისივე თქმით, არ არის სასურველი ერთ კონკრეტულ ფართობზე ერთი სახეობის ხე-მცენარეების გაშენება, რადგან ერთი ხის დაავადების შემთხვევაში, დაავადება მთელ ტერიტორიაზე ადვილად ვრცელდება.
    თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგვება დიდი ზომის ხის ნერგები, აღდგება დაზიანებული კორომები.

    ნუშის 40-მდე ჯიშია ცნობილი. კავკასიაში დაახლოებით 7 ჯიშის იზრდება, საქართველოში კი, მხოლოდ ორი ჯიში გვაქვს – ჩვეულებრივი ნუში და ქართული ნუში. პირველის სიმაღლე 10 მ აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში 1 – 1,5 მეტრის სიმაღლის ბუჩქია. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში.
    ნუში სინათლის მოყვარული, შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე. ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. ნუშის ხეები ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. ყვავილობს მარტ – აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლითა და ფესვების წამონაზარდით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ, ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან.

     

     

     

     


პარტნიორები