სიახლეები
-
გენგეგმის ჯგუფმა თბილისის მერიას თემქის ტერიტორიაზე სახალხო პარკის მოწყობა შესთავაზა
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ გენგეგმის ჯგუფმა თბილისის მერიას თემქის ტერიტორიაზე შესთავაზა სახალხო პარკის მოსაწყობი ადგილი.
როგორც მამუკა სალუვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, თემქის ტერიტორიაზე საუბარია სახალხო პარკის მოწყობაზე, რაც შეეხება ცენტრალური პარკის მოწყობას, მას ამ საკითზე პირადი მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრალური პარკი “მზიურში” უნდა იყოს.
მამუკა სალუქვაძის თქმით, ცენტრალური პარკის იდეა ქალაქში არსებობს, თავდაპირველად საუბარი მზიურს ეხებოდა. შემდეგ იყო „იპოდრომის“ ტერიტორია. „რაც შეეხება “მზიურს”, კონცეფცია მუშავდებოდა და ეს კონცეფცია არის დამტკიცებული, პროექტირების სტადია რატომღაც ფერხდება. პროექტირების სტადიის განხორციელებამ უნდა გვანახოს, შეიძლება თუ არა “მზიურში” ცენტრალური პარკის გაკეთება. მომხრე ვარ, “მზიურში” იყოს ქალაქის ცენტრალური პარკი. მე ამ წინადადებას ვუჭერ მხარს“, -აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება იპოდრომს. იგი ყოველთვის სავარჯიშო პოლიგონი იყო, სადაც რაგბისტები, მოქალაქეები ვარჯიშობდნენ და ეს ტერიტორია ამ ფუნქციით უნდა იყოს დატვირთული და არა ცენტრალური პარკით.
“იპოდრომის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ძალიან დიდი საჩუქარი იქნებოდა ქალაქისთვის, თუ მისი მესაკუთრე ამ ტერიტორიას თბილისს გადასცემდა“, – აცხადებს სალუქვაძე.





