სიახლეები
-
თბილისის ზღვასთან სახლებისა და კოტეჯების მშენებლობა გენგეგმის ჯგუფისთვის მიუღებელია
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახლების და კოტეჯების მშენებლობები გენგეგმის ჯგუფისთვის სრულიად მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ იქ ყველა მოქალაქისთვის მისაწვდომი საზოგადოებრივი სივრცე უნდა იყოს.
როგორც მამუკა სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე „ჯინო გრინ სითის“ მიერ ეკოქალაქის მშენებლობის გეგმების შესახებ, სოციალური ქსელიდან შეიტყეს.
“ჩავერიეთ და ჩაგვრთეს ამ პროცესში. ჩვენი დასკვნები დაიდო ამ მშენებლობებთან და იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა. ვნახოთ, რას გაითვალისწინებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები ამ მშენებლობებთან დაკავშირებით ნათელია მათთვის. არ ვიცი, რამდენად ესიამოვნათ, მაგრამ რაც უნდა გვეთქვა, ის ოფიციალურადაც ვუთხარით“, -აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკოქალაქის – „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობის პროექტი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობ და სავაჭრო ობიექტების გვერდით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობასაც გულისხმობს.





