სიახლეები
-
„ტრამპთაუერის“ მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა ქართული ბაზარი ამისთვის მზად იქნება"
აჭარაში წლების წინ შეჩერებული პროექტი მას შემდეგ განახლდება, როცა ამისთვის ქართული ბაზარი მზად იქნება. ამის შესახებ განცხადებას „კომერსანტთან" ტრამპთაუერის განმახორციელებელ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში" აცხადებენ.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც პროექტი შეჩერდა, მათ მუდმივად აქვს კონტაქტი „ტრამპის კორპორაციასთან" და გარკვეულ თემებზე და კონკრეტულ პროეტებზე მიდის საუბარი. როგორც "სილქ როუდ ჯგუფში" აცხადებენ, ტრამპის გაპრეზიდენტებას მათ გეგმეზე არანაირი ცვლილება არ მოუხდენია. შედეგად, „ტრამპთაუერის" პროექტი მას შემდეგ განხორციელდება, თუ იქნება გამართლებული და მომგებიანი.
„უნდა მოხდეს ბაზრის შესწავლა და თუ კი კომერციულად მომგებიანი იქნება, მხოლოდ იმ განხორციელდება. უახლოეს გეგმებში გვაქვს ბაზრის შესწავლა"-აცხადებენ "სილქ როუდ ჯგუფში".
47-სართულიანი „ტრამპ თაუერის" მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. პროექტის ღირებულება 250 მილიონი დოლარია. მის პრეზენტაციას 2012 წლის აპრილში ბათუმში თავად დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და "სილქროუდ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ესწრებოდნენ.




