სიახლეები
-
ბათუმში „სემირამიდას ბაღების" კომპლექსი 2017 წელს გაიხსნება
ბათუმში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსის გახსნამ 2017 წლამდე გადაიწია. როგორც ცნობილია, კომპლექსი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის განმახორციელებელმა აზერბაიჯანულმა კომპანია „მაფამ" ითხოვა ვადის გაგრძელება, რაც დაკმაყოფილებულ იქნა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „მაფამ" 2017 წლის 31 აგვისტომდე აიღო ვალდებულება, რომ კომპლექსს ექსპლოატაციაში შეიყვანენ. უწყებაში ამბობენ, რომ სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, ამ დროისთვის კი დარჩენილია შიდა სამუშაოები. გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა კომპანიამ დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
რაც შეეხება თავად კომპლექსის მშენებელ აზერბაიჯანულ კომპანია „მაფას", კომპანიაში „კომერსანტს" განუცხადეს, რომ ისინი აღარაფერს შუაში არ არიან და არც აღნიშნული პროექტის შესახენ იციან რამე.
2015 წლის მარტში კომპანია „მაფაში" „კომერსანტთან" აცხადებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა, საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. ხოლო რომელი ბრენდი დაიწყებდა სასტუმროში ოპერირებას, ცნობილი არ იყო.
მაშინ აცხადებდნენ, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში, „სემირამიდას ბაღების" კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.
„ამ ეტაპზე შენობა უკვე აშენებულია, დასრულებულია გარე ფასადის კეთილმოწყობაც. შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ის არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება სასტუმროს გახსნაც.12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება"-აცხადებდნენ 2015 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფაში" .
„სემირამიდას ბაღების" კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.ავტორი: სოფო ქსოვრელი




