სიახლეები
-
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ფასადი ჩამოინგრა
თბილისში მთაწმინდის რაიონში, პაოლო იაშვილის #16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სამსართულიანი სახლის ფასადი ჩამოინგრა. შენობის ჩანგრეული ნაწილი სახლის ერთ-ერთი აივანს დაეცა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. შენობაში 25-მდე ოჯახი ცხოვრობს.
“სითი კვირა” სახლის მაცხოვრებლებს ლილი ფირცხალაიშვილსა და რუსუდან ხვედელიძეს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ შენობის გამაგრების თხოვნით მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და მერიას არაერთხელ მიმართეს.
მათივე ინფორმაციით, თითქმის ორსაუკუნოვან სახლში, დაახლოებით 10-15 წლის წინათ გაჩნდა ხანძარი და შენობას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა.
“თბილისის მაშინდელი მთავრობის ძალისხმევით შენობა გაარემონტეს, მაგრამ სამწუხაროდ სამშენებლო ნორმების დარღვევით. კერძოდ, არასწორად გადახურეს შენობის სახურავი, რის შედეგადაც წვიმის წყალი წყალსაწრეტი მილების ნაცვლად, შენობის კედლებზე მოედინებოდა. ამას დაემატა დედაქალაქში სხვადასხვა დროს მომხდარი მიწისძვრები და სახლის კედლები დაიბზარა,”- აცხადებენ სახლის მაცხოვრებლები.
მათივე თქმით, პაოლო იაშვილის ქუჩის გავლით, მთელი ზაფხული განმავლობაში, კიკეთისა და წყნეთის მიმართულებით სატვირთო და სამშენებლო ავტომობილები მოძრაობდნენ, რაც ისედაც ავარიული შენობის ამორტიზებას იწვევდა.
სახლის მაცხოვრებლები სახლის დაუყოვნებლივ გამაგრებას ითხოვენ, რათა შენობის განმეორებით ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს.
როგორც “სითი კვირიას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სახლი ავარიულია, თუმცა, იმავდროულად, არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი და ამ ეტაპზე შენობის ფასადიდან, ჩამოშლის საშიშროების მქონე ნაწილების დემონტაჟით შემოიფარგლებიან.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო, სახლის მაცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნებათ და მათი ქირით გაყვანა არ იგეგმება.





