სიახლეები
-
14 აპრილი 2016
თქვენი რეკლამა
თბილისის აეროპორტში მზის პანელებს ამონტაჟებენ
მზის ელექტროენერგიის პანელების დამონტაჟების სამუშაოები თბილისის აეროპორტში მარტის ბოლოს დაიწყო და დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.
რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე მზის ელექტროენერგიის პანელების მონტაჟის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია, საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების პოპულარიზებას ემსახურება.
მზის ელექტროენერგიის პანელების დამონტაჟების სამუშაოები თბილისის აეროპორტში მარტის ბოლოს დაიწყო და დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიის რაოდენობისა და იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ეს ნოვატორული იდეა, აღნიშნულია აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
TAV Urban Georgia-ს მმართველობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 22 წლის ვადით გადავიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში, რომლის ფართობიც 25 ათასი კვადრატული მეტრია, 71,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელს მსოფლიოში შეინიშნება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მხრივ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. კერძოდ, საქართველოში ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურის „ქართლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება.
რაც შეეხება მზის პანელებს, გათბობის მზის სისტემები პირველად საქართველოში თუშეთში 2010 წელს გამოიყენეს. ფერმერებს ჰელიოსისტემები ჩეხურმა სააგენტომ გადასცა.