სიახლეები
-
აშენდება თუ არა მუხიანსა და გლდანს შორის ახალი უბანი - არქიტექტურის სამსახური კომენტარს აკეთებს
თბილისში, მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახური განმარტებას აკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, რომ თბილისში, მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბანი აშენდეს.
"პირველს" არქიტექტურის სამსახურიდან აცნობეს, რომ უწყებას, 2016 წლის 12 აპრილს, განაცხადით მიმართა მოქალაქე, დავით ალექსიძემ და თბილისში, გლდანის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება მოითხოვა.
"საკითხი განხილულ იქნა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს #23 (28.04.2016) სხდომაზე, რომელზეც მიეცა დადებითი რეკომენდაცია.
აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, საკითხი გადაგზავნილი იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და დამტკიცდა 2016 წლის 10 ივნისის #152 განკარგულებით.
აღნიშნული დავალების საფუძველზე, 2016 წლის 30 აგვისტოს განაცხადით, სამსახურს კვლავ მომართა დავით ალექსიძემ და ამჯერად მოითხოვა განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმება, რაც ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს რეკომენდაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება თბილისის ზღვის მიმდებარე არეალის კვლევის შედეგების შეჯამების, ასევე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფთან შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ",- აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.
რადიო "კომერსანტის" ინფორმაციით, თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება. პროექტს კომპანია "ბრუმველი" ახორციელებს. მისი პარტნიორი კი საქართველოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას კომპანია "გლობალ უნი გრუპია". როგორც ლაშა ჟვანია "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, კონსულტაციები აქვთ თბილისის განვითარების გეგმაზე მომუშავე კომპანიასთანაც და იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე, ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებული იქნება.




