სიახლეები
-
თბილისში სად არის ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი – კვლევა
თბილისში, ევროკავშირის ნორმების შესაბამისად ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა და ჰაერის ხარისხის ინდექსების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე დაფიქსირდა, სადაც დაბინძურების დონემ 85.15 მკგ/მ3 მიაღწია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, არის ჭონქაძის ქუჩაზე, ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან, მუშთაიდის პარკში და გლდანის I მიკრორაიონში.
სააგენტოს ინფორმაციით, დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება დიღომში, მიქელაძის ქუჩაზე, მუხიანში, გობრონაძის ქუჩაზე, აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების გადაკვეთაზე, ბახტრიონის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის მიმდებარედ, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ასევე, მეტროს სადგურებთან: “ავლაბარი”, “თავისუფლების მოედანი” და “სადგურის მოედანი”.
ჰაერის დაბინძურების საშუალოზე მაღალი დონეა ავტოსადგურ „ოკრიბას“ მოპირდაპირე მხარეს, საბურთალოსა და პეკინის ქუჩების გადაკვეთაზე, იუსტიციის სახლთან, მეტროსადგურებთან “დელისთან”, “ტექნიკურ უნივერსიტეტთან” და “ისანთან“. ასევე, პირველი სკოლის შენობასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე, გოძიაშვილისა და თოფურიას ქუჩების გადაკვეთაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების V ეტაპი დასრულდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევა ქალაქ თბილისსა და 15 დასახლებულ პუნქტში 60-მდე წერტილში სექტემბერში ჩატარდა. ზოგადად დაბალი ინდექსია 0-დან 40 მკგ/მ3-მდე; მაღალი ინდექსი 81-დან 120 მკგ/მ3-მდე; საშუალო – 41-დან 80 მკგ/მ3-მდე, ძალიან მაღალი ინდექსია 121 მკგ/მ3. დედაქალაქის ტერიტორიაზე არ ფიქსირდება ჰაერის დაბინძურების ძალიან მაღალ მაჩვენებელი.





