სიახლეები
-
ბათუმის ანბანის კოშკში პანორამული საკონფერენციო სივრცე იხსნება
ანბანის კოშკში მომავალი წლის დასაწყისში პანორამული საკონფერენციო ზონა გაიხსნება. როგორც კოშკის მმართველი ესპანური კომპანიის Boost Spain-ის წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, საკონფერენციო სივრცე 70 პერსონაზე იქნება გათვლილი და მუდმივად იმუშავებს.
ირინა ხომასურიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს იქნება განსხვავებული ტიპის სივრცე სადაც იქნება სწრაფი ინტერნეტი, შესაძლებელი იქნება ალკოჰოლური სასმელებით და მსუბუქი საკვებით გამასპინძლება, შეიქმნება კომფორტული გარემო ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის.
ირინა ხომასურიძის ინფორმაციით, ანბანის კოშკში ამჟამად ფუნქციონირებს რესტორანი, პანორამული ლიფტი, ტურისტული სივრცე რომელსაც ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. ხომასურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საკმაოდ ბევრი ტურისტი ჰყავდათ. მისივე ინფორმაციით დაგეგმილი იყო კოშკის ბოლო სართულზე ობსერვატორიის მოწყობა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, რადგან ხილვადობა იყო ცუდი.
5 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ანბანის კოშკი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა. კოშკი სიმაღლით 137 მეტრია და 5 პანორამული ლიფტითაა აღჭურვილი.
Boost Spain ესპანეთში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში კი ის მხოლოდ 2015 წელს შემოვიდა. კომპანია ბათუმში კიდევ ერთ ობიექტს, ერას მოედანზე მდებარე ესპანურ რესტორანს „ლიზარანის" ფლობს.
კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით, ერთ ლარად 2015 წლის ივლისში გადაეცა. ანბანის კოშკში განხორციელებული ინვესტიცია ჯამში 1.2 მილიონ დოლარამდე იქნება.
ანბანის კოშკი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით აშენდა და პროექტის განსახორციელებლად 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა ესპანელმა არქიტექტორმა, ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.




