სიახლეები
-
“ქალაქზე ხედებს ვინ ჩივის, ჰაერიც გადაგვიკეტეს”- ქურდიანის ქუჩის მოსახლეობა ახალი კორპუსების წინააღმდეგ
თბილისში, სოლომონ ქურდიანის ქუჩის მაცხოვრებლები დედაქალაქის ამ ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში 12 და 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, ახალი შენობების სიმაღლე 5-6- სართულს არ აღემატებოდეს.
ტერიტორიაზე უკვე დაასრულეს ოთხი ახალი, 12 სართულიანი შენობის მშენებლობა, ამჟამად კი კიდევ ერთ 22 სართულიან კორპუსს აშენებენ.
როგორც „სითი კვირას“ ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მამუკა ხუციშვილმა განუმარტა, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე 26 კომისრის სახელობის ქარხანა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით დაიხურა, ტერიტორია რამდენჯერმე გაყიდეს, ქარხანა კი განადგურდა.
მამუკა ხუციშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ ყოფილი ქარხნის ტერიტორია დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა იყიდა, რომელმაც სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ უკან, ერთმანეთის მიყოლებით, ოთხი 12 სართულიანი კორპუსი ააშენა.
“უკვე ერთი წელია, ხალხს გასასვლელი გზა აღარ აქვს. ამ ტერიტორიის განაშენიანების ფარგლებში, 5 სართულზე მაღალი შენობის დადგმა არ შეიძლება. ვალერი გელაშვილი მშენებლობის პროცესში იტყუებოდა და სარეკლამო აბრაზე 6-სართულიანის მშენებლობა ჰქონდა მითითებული. ახალ გაშენებულ ტერიტორიას არც სარეკრეაციო ზონა აქვს, არც სკოლა არის ახლოს. ძველად, მშენებლობებისას ასეთ დეტალებს ყურადღება ექცეოდა, ახლა კი ფული თუ გაქვს, ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია”, – აცხადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
მათი ინფორმაციით, მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპებით მიდის და სურთ, ხელი შეუშალონ 22 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას.
“მთელი უბნის მოსახლეობა ვაპროტესტებთ. შური კი არ გვალაპარაკებს. ააშენონ 5 და 6 სართულიანი შენობები და ჩვენ დაგვიტოვონ ჰაერი და დედაქალაქზე ხედები. ამ ტერიტორიაზე, ძირითადად, ორსართულიანი სახლებია და აქედან თბილისის ლამაზი ხედები იშლებოდა. ახლა კი მამა დავითი, ფუნიკულიორი, რაც კი სილამაზე იყო, ყველა ხედი დაგვიფარა და ჩინური კედელი აგვიშენა. თან დაგვცინის და მასხრად გვიგდებს“,- აცხადებს მამუკა ხუციშვილი.
მისივე თქმით, თბილისის მერიასა და დედაქალაქის საკრებულოს განცხადებით, რამდენჯერმე მიმართეს, რომელსაც 200-მდე ადამიანი აწერდა ხელს, თუმცა უშედეგოდ. „ვალერი გელაშვილმა ამ მშენებლობებით აქაური მაცხოვრებლები გაგვანადგურა. ხედებს ვინღა ჩივის, ჰაერი გადაგვიკეტა. პირადად ვესაუბრე ჩვენს პრობლემაზე, მაგრამ ვის ადარდებს ჩვენი ამბავი? მერიას მივმართეთ ამაზე და მათგან სამი თვეა, ველოდებოდით პასუხს. მერიამ გვითხრა, კოეფიციენტი ნაყიდი აქვსო და ჩვენ არ გვაქვს უფლებაო. საკრებულოსაც მივმართეთ, ერთადერთი ალეკო ელისაშვილი დაგველაპარაკა ნორმალურად“, – აცხადებს მამუკა ხუციშვილი.
მისივე თქმით, გელაშვილი ამ ქუჩიდან დამატებით აპირებს „ქარვასლისკენ” ჩასასვლელის გაკეთებას, სადაც მოწყობილი ფასიანი ავტოსადგომის გამო, ადგილობრივი მაცხოვრებლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან საკუთარ ავტომობილებს სახლთან ვეღარ აჩერებენ.





