მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ოქტომბერი  2016

    სამშენებლო კომპანიებისადმი ნდობა იზრდება - ახალაშენებულ ბინებს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე მეორადს

    საქართველოს დიდ ქალაქებში ახალაშენებულ ბინებზე ნდობა იზრდება. საუბარია, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მშენებარე კორპუსებში ბინებს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე ძველს. ამის შესახებ ნათქვამია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიის დაკვეთით მომზადდა.

    კვლევის თანახმად, 2015 წელს, ჩამოთვლილ ქალაქებში 18 ათას 286 ერთეული ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2014 წელთან შედარებით 3%-იან კლებას ნიშნავს.ამასთან, „კოლიერსის" ცნობით, ახალაშენებული და ძველი ბინების გაყიდვების ტრანზაქციათა რაოდენობა ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა, ხოლო ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9%-იანი ზრდა განიცადა.


    „კომერსანტი" დაინტერსდა, რითაა განპირობებული უძრავი ქონების ბაზარზე აღნიშნული ტენდენცია?

     

    "კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" შეფასების და კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ქევხიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება რამდენიმე იყოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშნელოვანია ფასების ცვლილება.


    „როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ფასები პირველად და მეორად ბაზარზე სხვადასხვაგვარად შეიცვალა. მაგალითად, თბილისში პირველად ბაზარზე ფასები 10 პროცენტით შემცირდა, მაშინ როდესაც მეორად ბაზარზე მხოლოდ 5 პროცენტი იყო შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის შემცირებას ფეხი დეველოპერებმა უფრო სწრაფად აუწყეს და ფასები შეამცირეს. შედეგად კი მათი გაყიდვების მოცულობა არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც. მეორად ბაზარზე ფიზიკურმა პირებმა ნაკლებად შეამცირეს ფასები, შესაბამისად, მათი გაყიდვების რაოდენობა შემცირდა"-აცხადებს ქევხიშვილი.


    მეორე მიზეზად ქევხიშვილი მომხმარებლების პრიორიტეტების ცვლილებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, მაგალითად, 10 წლის წინ მომხმარებელს არ ჰქონდა ისეთი დიდი არჩევანი, რაც დღეს, ახლადააშენებულ მშენებლობებში აქვს. ამის გამო კი ბინის ყიდვის დროს ახალაშენებულ ბინას უფრო ნაკლებად განიხილავდა ძველაშენებული ბინების ალტერნატივად, ვიდრე დღეს.


    ქევხიშვილი ამბობს, რომ მესამე ფაქტორი ახლადაშენებულ მშენებლობებზე ნდობის დაბრუნებაა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოიმატა მშენებლობის ხარისხმა. „ხარისხში ვგულისხმობ არა მხოლოდ კონკრეტულად სამშენებლო მასალების ხარისხს და კეთილმოწყობას, არამედ იმას, რომ ამაღლდა დეველოპერების მიმართ ნდობის ხარისხი. გარდა ამისა, პირველად ბაზარზე კონკურენცი გამძაფრდა. უფრო მეტი პროექტი კეთდება, რაც ხარისხის ამაღლებისკენ უბიძგებს თითოეულ დეველოპერს"-აცხადებს ქევხიშვილი.


    უძრავი ქონების სააგენტო „გედევანიშვილი და კომპანიის" დამფუძნებელი ნინო გედევანიშვილი ამბობს, რომ ძველი კორპუსები ახლადაშენებულ სახლებს კონკურენციას ვერ უწევს. შესაბამისად, მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირდა.


    გარდა ამისა, შეიცვალა ნდობის ფაქტორიც. როგორც გედევანიშვილი განმარტავს, დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი სანდო დეველოპერული კომპანია გაჩნდა, შედეგად, ყველას ურჩევნია ახლადაშენებულში იყიდოს უძრავი ქონება, მითუმეტეს რომ ახალ ბინებს ბევრად მეტი უპირატესობა აქვს.


    „ერთიდაიგივე ფართის ბინა ძველ კორპუსებში ბევრად იაფია, თუმცა, მოსახლეობა უპირატესობას მაინც ახალაშენებულს ანიჭებს. ახალ კორპუსებში მოწესრიგებულია სადარბაზოები, ლიფტი, გარედან ახალი შეღებილია,თანამედროვე დიზაინია და ჭერი უფრო მაღალია. ეს ფაქტორები მუშაობს"-აცხადებს გედევანიშვილი.

    თბილისში ახლადაშენებულ ბინებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ადასტურებს უძრავი ქონების სააგენტო kibe.ge-ს ხელმძღვანელი ნელი გოგუაძეც. მისი ინფორმაციით, ძველი ბიზნები ბევრად იაფია, თუმცა, ახლადაშენებულები ბევრად კარგად იყიდება.

    „ძველი კორპუსებში ბინის მყიდველთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით თითქმის განახევრდა,"-აცხადებს გოგუაძე. მისივე თქმით, ამის მიზეზია ის, რომ სამშენებლო კომპანიებისადმი ნდობა გაიზარდა. გარდა ამისა, ისინი კლიენტებს გადახდის მოქნილ გრაფიკებს სთავაზობენ.

    „გარდა ამისა, ძველი კორპუსები მოუწესრიგებელია, არ არის ნორმალური ლიფტი, სადარბაზო და ინფრასტქრუქტურა"-აცხადებს გოგუაძე.


    როგორც გოგუაძე განმარტავს, ის ვინც მუშაობს და ბანკთან აქვს ურთიერთობა, მისთვის ბევრად მოსახერხებელია განვადებით და მოქნილი პირობებით სახლის ყიდვა. „ჩვენ ის კატეგორია გვაკითხავს, ვისაც ერთიანი ფული აქვს"-აცხადებს გოგუაძე.


    „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" ინფორმაციით, 2015 წელს ტრანსაქციების ჯამური მოცულობა 23%-ით დაეცა და 558 მილიონ დოლარს შეადგენს. 32%-იანი მაჩვენებლით ძველმა ბინებმა მასიური კლება განიცადა, ხოლო ახალაშენებული ბინების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით.


    ამასთან, ტრანზაქციების უდიდესი წილი მცირე ზომის ბინებს უჭირავთ. ეს ტენდენცია უფრო ნათლადაა გამოხატული ქალაქის გარეუბნებში, როგორიცაა გლდანი, ნაძალადევი და სამგორი, სადაც ტრანზაქციების ჯამური რაოდენობის 50%-ზე მეტი მცირე ზომის ბინებით (70 მ2-მდე) იყო წარმოდგენილი. დიდი ზომის ბინების ტრანზაქციების მაჩვენებელი ისევ დაბალ ნიშნულზე დგას.


    კვლევის თანახმადვე, 2015 წელს 3.908 ბინის მშენებლობა დასრულდა და მიეწოდა ბაზარს თბილისში, მათი 70% უკვე გაყიდულია.მიმდინარე მშენებარე მიწოდების 64% (16,332) მიეკუთვნება დაბალი სეგმენტის კატეგორიას, 28% შეადგენს საშუალო სეგმენტს, ხოლო 8% კი - პრემიუმ კლასს. აღნიშნული ბინების 37% გაყიდულია

     

     


პარტნიორები