მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ოქტომბერი  2016

    მთავრობა შრომის ინსპექციას აძლიერებს - "ამის აუცილებლობა სამშენებლო ობიექტებზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმაც განაპირობა"

    მთავრობაში შრომის ინსპექციის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი აღნიშნული უწყებისთვის ფუნქციების გაზრდაზე უკვე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ინსპექციის გაძლიერების აუცილებლობა ბოლო პერიოდში სამშენებლო ობიექტებზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმაც განაპირობა.

    როგორც ცნობილია, სამშენებლო ობიექტებზე ბოლო პერიოდში არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა, რომელიც სამწუხაროდ ლეტალურად დასრულდა. მათ შორის ერთ-ერთი შემთხვევა გუშინ, თბილისში - მეტროსადგურ „სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კერძოდ, ხიზანიშვილის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა. შუა ხნის მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანიდან მილების დაცლის პროცესში მიიღო სიციოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

    2016 წლის 19 ოქტომბერს თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში გუშინ გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს პოლიტრავმა - მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

    2016 წლის 24 ივნისს, ბათუმში, Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

    2016 წლის 12 თებერვალს თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მაშინ კომპანია Black Sea Group აცხადებდა, რომ "შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული". კომპანიის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 26 წლის მუშა დაიღუპა.
    დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.


    აღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით,"კომერსანტი" დაინტერესდა, არსებობს თუ არა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი და თუ არსებობს, რატომ არ ხდება მისი აღსრულება?



    „გაერთიანებული პროფკავშირების" თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია განმარტავს ,,რომ ქვეყანას აქვს კანონი, თუ როგორ უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება დაცული. თუმცა, მისივე თქმით,ერთადერთი პრობლემა აღსრულებაა. როგორც ალექსანდრია ამბობს, შრომის ინსპექციას, რომელსაც უნდა ევალებოდეს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების შემოწმება, რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ეს კი როგორც ალექსადრია ამბობს, ქვეყნის და ხალხის მოტყუებაა.


    კითხვაზე, აქვს თუ არა „გაერთიანებულ პროფკავშირებს" სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო გარდაცვალებულთა სტატისტიკა, ალექსანდრია ამბობს, რომ დღეს ამ მხრივ რეალური სტატისტიკა არ არსებობს იმიტომ, რომ არ არსებობს შრომის ინსპექცია.


    „ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება გარდაცვალების შემთხვევები, სამუშაო ადგილი არ ეთითება როგორც გარდაცვალების ადგილი. იმ სტატისტიკით, რაც შსს-დან არის ხელმისაწვდომი, გასულ წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან დაახლოებით 15-20 პროცენტი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვალებათა შემთხვევა იყო. მიმდინარე წლის წინასწარი მონაცემებით და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15-მდე გარდაცვალების შემთხვევაა, აქედან 7 შემთხვევა ანუ 50 პროცენტი სამშენებლო ობიექტზე მოდის"-აცხადებს ალექსანდრია.


    „გაერთიანებული პროფკავშირების" თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება არც გეგმიურად და არც დაუგეგმავად შეამოწმოს სამუშაო ობიექტები.


    კანონით, მან დამსაქმებელს, კომპანიას უნდა შეუთანხმოს და ისე შევიდეს. „სახელმწიფოს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც იყო წინა მთავრობის დროს, რომ ბიზნესი არ შეწუხებულიყო. შიში აქვთ, რომ ბიზნესი ქვეყნიდან არ გაიქცეს. სად უნდა გაიქცნენ, ვის რაში სჭირდებათ, აქ არავის სჭირდებათ, ვერ აშენებენ, ხალხი პანტაპუნტით ეღუპებათ, მაგათი აშენებული ინგერვა და ასეთები ვის რაში სჭირდება? თუ აღსრულება და კონტროლი არ მოხდა, ეს სიტუაცია ასე იქნება და არ შეიცვლება"-აცხადებს ალექსანდრია.


    აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში შრომის ინსპექცია მოქმედებს. რატომ არ მუშაობს წელიწადნახევრის წინ შექმნილი ორგანო და აპირებს თუ არა შრომის უსაფრთხოების დახვეწის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას, ამის გარკვევა „კომერსანტმა" ჯანდაცვის სამინისტროშიც სცადა.

    უწყების შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი რეალურად 1 კვირაა შეიქმნა და სტრუქტურის სახე მიიღო. მანამდე კი დეპარტამენტი პროგრამის სახით მოქმედებდა.


    „სამწუხარო შემთხვევები მოხდა ბოლო დღეებში. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ამ მიმართულებით სამუშაო დასაჩქარებელია. საზოგადოებაში არის იმის ინტერესი და სურვილი, რომ ძლიერი შრომის ინსპექცია იყოს და იმედი მაქვს,რომ ამას მივაღწევთ. ჯერჯერობით ასეთი მოცემულობაა. მესმის, რომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს უფრო ძლიერი და უფრო მეტი ფუნქციის მატარებელი. რაც შეეხება სტატისტიკას, მშენებლობებზე დაღუპულთა რიცხვი კატასტროფული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე საკმარისია იმისთვის, რომ შეშფოთების საფუძველი გვქონდეს. ჩვენ გავაძლიერებთ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით კონკრეტულ მექანიზმებს. თუმცა, ამას რამდენიმე თვე სჭირდება"-აცხადებს ჟორჟოლიანი.


    მისივე ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში იყო შემოწმებაზე შესული და საკმაო რაოდენობის რეკომენდაციებიც გასცა. რომელი სამშენებლო კომპანიის შემოწმება მოხდა, ამის იდენტიფიცირებას ჟორჟოლიანი არ ახდენს, თუმცა, აცხადებს, რომ დარღევები საკმაოდ რაოდენობით გამოიკვეთა, მათ შორის, იყო უსაფრთოხების კუთხითაც.

    „შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტი აწარმოებს მონიტორინგს ზოგადად, სადაც კი დასაქმებული და დამსაქმებელი არსებობს, მათ შორის მშენებლობებზეც. თუმცა ამ ეტაპზე კანონი სავალდებულო შემოწმების საშუალებას არ გვაძლევს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელმა ძალიან დიდი ფულადი სახსრები ჩადეს შრომის პირობების გამოსწორებაში.

    "ეს დეპარტამენტი ფუნქციონირებს წელიწადნახევარია მხოლოდ და ფიზიკურად ყველა ობიექტის შემოწმება ვერ ხდება. ამ დროისთვის 290 ობიექტამდეა გამოკვლეული და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო ობიექტზე ხდება დასაქმებულის გარდაცვალება, ამ დროს ჩვენ ვწერთ დასკვნას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პროცედურის შესაბამისად კი გადავცემთ საგამოძიებო ორგანოებს,სადაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება "-აცხადებს ჟორჟოლიანი.

    მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს ის ბერკეტები,რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში აქვთ. „ჩვენ ამისკენ მივდივართ, თუმცა, ამის დალაგებას დრო სჭირდება. არის ბევრი ბერკეტი, რომელიც შეიძლება გამოიყენო მაგალითად, ჯარიმები. ეს ყველაფერი დასალაგებელია, ამ ყველაფრის სტრუქტურიზებაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში მივიღებთ შრომის ისეთ ინსპქციას, როგორიც საჭიროა"-აცხადებს ლევან ჟორჟლიანი.

    შეგახსენებთ, შრომის ინსპექცია ქვეყანაში 2015 წელს ამოქმედდა. ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარე წლის დადგომისთანავე დაიწყო. ამისთვის მთავრობამ „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამა შრომის ინსპექციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

     

     

     


პარტნიორები