სიახლეები
-
ბეთანია დამსვენებლების მიღებას მეორე სეზონია ვერ ახერხებს
ბეთანიაში ზამთრის სათხილამურო კურორტი მეორე სეზონია გაჩერებულია.
კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას" ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან" მცირე განმარტებით შემოიფარგლა, თამაზ ბასილიამ მხოლოდ ის გვითხრა, რომ კურორტის ფუნქციონირება შეჩერებულია და ამ მხრივ სიახლე არაფერი არ არის. გასულ წელს კი ჩვენთან საუბარში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ბეთანიაში კურორტის გახსნა ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. პრობლემები იყო თელასთან არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. ამასთან, ამბობდა, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც ნაკლები ხელშეწყობა იყო, კერძოდ, არ არსებობდა კურორტამდე მისასვლელი გზა.
თამაზ ბასილია ამბობდა, რომ ბეთანიის კურორტი თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული, რადგან ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდება. ბიზნესმენის განმარტებითვე, კურორტზე მდებარეობს სასტუმრო, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, მოწყობილია სათხილამურო ინფრასტრუქტურაც.
თამაზ ბასილიას განცხადებითვე, კურორტზე 2, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. „რანდევუ ბეთანია" თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა და მისი 4-სეზონიან კურორტად ქცევა იგეგმებოდა.




