სიახლეები
-
13 ივნისი 2019
თქვენი რეკლამა
სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 34 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ერთ წელში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 34 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დეველოპერულ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების საკითხზე გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.
ირაკლი ხმალაძის თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციები საკმარისია, თუმცა არ ხდება მათი სათანადოდ აღსრულება და საჭიროა კონტროლის გამკაცრებაც.
არსებობს დამტკიცებული ინსტრუქციები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომელიც განსაზღვრავს როგორც სამშენებლო პროცესებში უსაფრთხოების ნორმებს, ასევე სიმაღლეზე მუშაობის წესებს.ცხადია, რომ ეს უნდა შესრულდეს და შედეგებიდან გამომდინარე იმასაც ვხედავთ, რომ არასაკმარისია შესრულების ხარიხსი. მუნიციპალიტეტმა ბოლო პერიოდში რამდენიმე ცვლილება დააინიცირა პარლამენტში და ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის მეშვეობით შეგვიძლია გავუწიოთ კონტროლი და ამ კონტროლს ვახორციელებთ კიდეც.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა სამშენებლო დარღვევებზე არის 34 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, არის ბიზნესსექტორისთვის ფინანსური ტვირთი, ისევ და ისევ იმიტომ, რომ არ ხორციელდება სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ჩვენ გვინდა, ბიზნესის მხრიდან მოვისმინოთ, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ამ ნორმების დაცვა, რადგან ეს ტემპიც, რაც აქამდე ხორციელდებოდა, როგორც ჩანს არ არის საკმარისი, ისევე როგორც მათი მხრიდან შესრულების ხარისხი. გასაუმჯობესებელია როგორც კონტროლის ხარისხი, ასევე მათი მხრიდან შესრულებები,-აცხადებს ხმალაძე.