მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2019

    „თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის -„თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობა დაიწყო

    „თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის — „თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ „კომერსანტს“ „თიბისი ბანკში“ განუცხადეს. მათი განმარტებით, პროექტი მიმდინარეობს იმ ტემპით, როგორც დაგეგმილი იყო და დასრულდება 2021 წელს.



    „ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სრულდება ივნისში და მერე იწყება საძირკველის სამუშაოები,“ -აღნიშნავენ „თიბისი ბანკში“.



    მათივე ინფორმაციით,პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი აშშ დოლარია. მიწის სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.



    რკინა-ბეტონის სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა.



    თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობა, სადაც “თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისი იქნება, 2017 წელს „თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნულ კომპლექსში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკონომიკური გარემო. ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.

     

    პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN studio-ს წარმოადგენს. იგი მთლიად ეფუძნება თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად ენერგოეფექტურია და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80%-ი კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

    „თბილისის ბიზნესცენტრის“ ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი:

    თიბისის სათავო ოფისი;
    ინოვაციების ლაბორატორია - ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის;
    კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა;

     

     


პარტნიორები