მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მარტი  2019

    "სამშენებლო სექტორის რეგულაციები ფართებს 150$-ით გააძვირებს"

    სამშენებლო სექტორი მორიგი რეგულაციებისთვის ემზადება. თბილისში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე განთავსება სამშენებლო კომპანიების დაჯარიმებას გამოიწევევს. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტმა მოამზადა.



    სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები გარემოს დაბინძურების პრევენციის ღონისძიებების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაციის შემუშავების პროცესში მცირე სამშენებლო კომპანიები ჩართულნი არ არიან.



    როგორც “ივერონის” დამფუძენებელმა bm.ge-სთან განმარტა, სწორედ მცირე სამშენებლოებისთვის იქნება მძიმე ეს რეგულაციები, ყველა იმ ცვლილებებთან ერთად, რაც ბოლო პერიოდში სამშენებლო სექტორს დაუწესდა.



    „ვეთანხმები, რომ უნდა დაიხვეწოს სამშენებლო სტანდარტები, მაგრამ ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს. თვე არ გავა, კვირა არ გავა, რომ ახალი რეგულაციის შესახებ არ გავიგოთ. ვფიქრობ, რომ ბიზნესი უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული. ვინმე არის საქმის კურსში? პატარა კომპანიებზე მაქვს საუბარი, არავის მიუღია ამ ცვლილებებში მონაწილეობა. არ გვინდა, რომ პოსტფაქტუმ ვიგებდეთ ყველაფერს. იქნებ ჭკვიანურს ჩვენც ვეუბნებით.

    პატარა მცირე კომპანიებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. ამბობენ, რომ სამშენებლოებთან შეთანხმებულია, თუმცა ჩვენთვის, პატარა კომპანიებისთვის არ არის ცნობილი. ბევრი კომპანია შეიძლება, საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. ყველა ფრთხილად ეკიდება საკითხს, დაიწყონ მშენებლობა თუ არა. რომც გინდოდეს იმდენი რეგულაციაა ვერ დაიწყო, ამ რეგულაციის ტყვეობაში აღმოჩნდე და სტანდარტები ვერ დააკმაყოფილო. იმედია, ცოტა შეარბილებენ და მცირე ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია ექნებათ.



    ამასთან, რეგულაციები ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ ფიზიკურად ვეღარ გავაძვირებთ ფართებს. გამოდის, რომ ან ზარალზე უნდა წავიდეთ, ან გავაჩეროთ საქმიანობა. ამდენი რეგულაცია ძალიან დაარტყამს ბიზნესს.



    სახანძრო უსაფრთხოება, სიცოცხლის დაზღვევა, თბოიზოლაციის და მასალების რეგულაციები, ამაზე კომპანიები თვითონაც ფიქრობდნენ, თუმცა უცებ რომ ყველაფერზე დავალდებულება ხდება, ამას მომზადება უნდა. რამდენად მზად არის ბიზნესი მაგისთვის, არ ვიცი, როცა 150$-ით გაუძვირდება კვადრატული მეტრი ფართი მშენებლებს.



    ამ ყველაფერს საბანკო რეგულაციებიც დაერთო. ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, რეალიზაცია 30-50%-ით არის შემცირებული. არავის სესხს არ უმტკიცებენ, ეს უკვე პრობლემაა“, - აცხადებს „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი.

     

    BM.GE

     


     


პარტნიორები