მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  იანვარი  2019

    2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 92 პროექტი დაასრულა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

    მათი ინფორმაციით, დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ გზაზე აშენდა საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე გრძელი - 1180 მ-იანი ხიდი.

    „ახალი გზა ქობულეთს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც კურორტის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ახალი გზა თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით ამცირებს.

    დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, აშენდა ახალი გვირაბი, რომელიც ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. 2 კმ-მდე გვირაბი, სტიქიის ზონაში უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

    ასევე, დასრულდა სტეფანწმინდა-სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს გზების დეპარტამენტმა სულ 92 პროექტი დაასრულა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 220 კმ. გზას, 21 ხიდსა და 1 გვირაბს, აშენდა 8 ახალი ხიდი და დასრულდა 17 ნაპირსამაგრი პროექტი.

    ამასთან, 2019 წელს დაიწყება რიკოთის საუღელტეხილო გზისა და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია 300 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. 2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონ ლარი იქნება.

     

     


პარტნიორები