მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აგვისტო  2018

    კლინკერის იმპორტზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი ქარხნები გაჩერდა

    ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით ბაზარზე ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება უარესობისკენ. მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეული - კლინკერი, საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით არის გაჩერებული ხარისხის შემოწმების მიზეზით. ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო უკვე გაჩერდა რამდენიმე ქარხანა. რამდენიმე დღის მარაგი აქვს კიდევ რამდენიმე ქარხანას, რომლის ამოწურვისთანავე ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას.

    ერთ-ერთი მწარმოებლის „მაგნუმ გრუპის“ დირექტორის პაატა ნიკვაშვილის განცხადებით, მალე მისი კომპანიაც დადგება აღნიშული პრობლემის წინაშე. თავის მხრივ, კლინკერის იმპორტიორებს არ აქვთ პასუხი, თუ რა ვადებში შეძლებენ შემოტანილი პროდუქციის განბაჟებას და მათთვის მიწოდებას.

    „საქმე ის არის, რომ ადგილობრივი მწარმოებლები მთლიანად დამოკიდებულები ვართ იმპორტირებულ ნედლეულზე, რამდენადაც კლინკერის ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელი - „ჰაიდელბერგცემენტი“ ამ ეტაპზე და ხილულ პერსპექტივაში, ვერ იძლევა ხარისხიანი ცემენტის (კონკურენტუნარიანი პროდუქციის) წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს. შესაბამისად, იმპორტირებული კლინკერის საბაჟოზე განუსაზღვრელი დროით დაყოვნება, იწვევს მცირე ქარხნების გაჩერებას, მოკლე დროში მათ ჯართად ქცევის პერსპექტივას და ჯამში 600 მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენას“, - აცხადებს ნიკვაშვილი.

     

     

    მისი თქმით, საბაჟო აპელირებს იმპორტირებული ნედლეულის ხარისხის შემოწმების აუცილებლობაზე.“ამის გაგება შეიძლება, მაგრამ გაცილებით გასაგები იქნებოდა ასეთი მიდგომა რომ ვრცელდებოდეს წარმოებულ მზა პროდუქციაზე - ცემენტზე, მის მარკიანობასთან შესაბამისობაზე და საბაჟოზე არ ცდებოდეს ათობით ვაგონი და იმპორტიორებს არ უხდებოდეთ მოცდენის ჯარიმების გადახდა, რაც ძალიან სერიოზულ თანხებს შეადგენს. მით უფრო, რომ საბააჟო ექსპერტიზის მოთხოვნას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში აგზავნის ფოსტით, როდის ჩანიშნავს და რა ვადაში განახორციელებს ექსპერტიზას, ბიუროს ამაზე პასუხი არ აქვს. პრროცესი შეიძლება თვეობითაც გაგრძელდეს და ამასობაში ცემენტის ადგილობრივი წარმოება უბრალოდ მოკვდება. შედეგებზე უკვე გესაუბრეთ.

    ვფიქრობ, ეს ხელს არ აძლევს სახელმწიფოს, რომელიც ადგილობრივი წარმოებიდან იღებს სოლიდურ შემოსავლებს გადასახადების სახით და რომლის დეკლარირებული პოლიტიკაცაა კონკურენციის ხელშეწყობა და ბაზარზე ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა. არ აძლევს ხელს მწარმოებლებს და იქ დასაქმებულებს. არ აძლევს ხელს მომხმარებელს. ერთადერთი, ვისაც პროცესების ამგვარი განვითარება შესაძლოა ხელს აძლევდეს, ეს „ჰაიდელბერგცემენტია“, რომელიც ამ დროისთვის ისედაც აკონტროლებს ცემენტის წარმოების ბაზრის 80%-ზე მეტს და ჩვენი, 20 ზე მეტი ქარხნის გაჩერებით სრულ მონოპოლისტად იქცევა. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ის რაც ხდება, სწორედ მისი სურვილისდა შესაბამისად ხდება“, - ამბობს ნიკვაშვილი.


    მისი განცხადებით, ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ გამოხმაურებას მათ მიმართვაზე და ოპერატიული რეაქციისთვის ძალიან მადლობლები არიან. მწარმოებლები ასევე დადებითად აფასებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პირადად ირაკლი ლექვინაძის მხრიდან ოპერატიულ გამოხმაურებას. „გვაიმედებს, რომ პრემიერი ასე ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემას და დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გარკვეული მიდგომები გამოხატა კიდეც. ასევე გვაიმედებს ბიზნესომბუდსმენის მხრიდან საკითხით დაინტერესება. გვინდა დამატებით ვუთხრათ მთავრობას, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის დაცვა, რასაც ჩვენ მოვითხოვთ (ასევე მზა პროდუქციის (ცემენტის), როგორც ადგილობრივის, ისე იმპორტირებიულის, ხარისხი მკაცრი კონტროლი), თუმცა, ასევე და არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის, კლინკერის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების მოშლა და მათი არდაშვება. სხვა შემთხვევაში, აზრსმოკლებული დარჩება ნებისმიერი აქტივობა.


    ჩვენ მზად ვართ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ნებისმიერ დონეზე, სამუშაო შეხვედრებში და კიდევ უფრო ნათლად და დაწვრილებით დავანახვოთ მთავრობას ყველა ის ნიუანსი, რაც ბაზარზე არსებობს და რაც ხელს უშლის და განადგურებისკენ მიჰყავს ცემენტის ადგილობრივი წარმოება“, - აცახდებს ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელი.

     

     


პარტნიორები