მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  თებერვალი  2018

    განაშენიანება სიმწვანის ხარჯზე – თბილისის გამწვანების პრობლემა XX საუკუნიდან დღემდე

    თანამედროვე თბილისის სერიოზულ ნაკლს წარმოადგენს მწვანე ნარგავების სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ განაშენიანებული ტერიტორია უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში სწრაფად ფართოვდებოდა. ამ პერიოდში ქალაქში არ შექმნილა რამდენადმე მნიშვნელოვანი მწვანე მასივები. განსაკუთრებით თვალში საცემია ეს დიდი ნაკლი ახლადგანაშენიანებულ რაიონებში, სადაც არაა ბაღები და პარკები.


    დასანანია, რომ ამ მხრივ დავიწყებულია XX საუკუნის 30-40-იანი წლების სასარგებლო გამოცდილება. მაშინ ქალაქში გაშენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მწვანე მასივი, მათ შორის გამარჯვების ვრცელი პარკი ვაკეში, რომელსაც კარგად შეერწყა კუს ტბა, სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსი და ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
    დრო და დრო ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში მოძველებულ ნაგებობათა აღების შედეგად, ასევე, მდინარე მტკვრის სანაპიროების კეთილმოწყობისას წარმოიქმნება ხოლმე თავისუფალი ფართობები, რომლებიც პირველ ყოვლისა მიზანშეწონილია გამოვიყენოთ პარკების, ბაღებისა და სკვერების გასაშენებლად, მაგრამ, რატომღაც ასე არ ხდება და ზოგადად თბილისი აშკარად ჩამორჩა ლანდშაფტური ხუროთმოძღვრების განვითარებაში.


    ძალიან სუსტადაა გამოყენებული დედაქალაქის გამწვანებაში ისეთი ძვირფასი ჯიშის ხეები, როგორიცაა ცაცხვი, გარეული წაბლი, იფანი და სხვა. ახლად განაშენიანებულ რაიონებში აუცილებლად უნდა შეიქმნას ვრცელი მწვანე მასივები, მათ შორის კულტურისა და დასვენები კარგად დაგეგმილი პარკები. მეტ ყურადღებას საჭიროებს არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობა, რათა თავიდან ავიცილოთ ხეების გახმობის საკმაოდ ხშირი შემთხვევები.


    ​კატეგორიულად უნდა აღიკვეთოს არსებულ მწვანე მასივებში რაიმე შენობების ჩადგმა და ისედაც მცირე გამწვანებული ფართობების, კიდევ უფრო შემცირება.
    ​თბილისში იშვიათი როდია თავსხმა წვიმების დროს მოსაზღვრე მთის ფერდობებიდან ღორღისა და ტალახის ჩამოტანა ქუჩებსა და მოედნებზე. არსებული სანიაღვრე კოლექტორები ყოველთვის არ არიან წესრიგში და ვერ უზრუნველყოფენ დიდი ოდენობის ტალახიანი წყლის გატარებას. ფეკალური წყლების გაწმენდის საქმეც არ არის ჯეროვნად მოგვარებული. აუცილებელია საკანალიზაციო წყლების მთლიანად ქალაქგარეთ გატანა და გამწმენდი დანადგარების საშუალებით უტილიზაციის განხორციელება. მეტ ყურადღებას საჭიროებს აგრეთვე მეორადი ნედლეულის შეგროვება და უტილიზაცია.


    XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თბილისში მკვეთრად გაფართოვდა ბინათმშენებლობა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ქალაქის საბინაო ფონდი დაახლოებით ორნახევარჯერ გადიდდა, მიაღწია რა 1984 წლის ბოლოსთვის 15, 6 მლნ კვადრატულ მეტრს. მომავალში ბინების მშენებლობა კვლავაც მაღალი ტემპით გაგრძელდება.


    წყარო: თბილისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული კვლევა. 1989 წელი