სიახლეები
-
26 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
დიდი ლილოს მოსახლეობა ბეტონის ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხნის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ აგრარული და ფერმერული მეურნეობები უნდა განვითარდეს, რადგან ტერიტორია ეკოლოგიური საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს.
როგორც “სითი კვირას” გულიკო ზუმბაძემ განუმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 14 ივლისს, #232 განკარგულების საფუძველზე, სამგორის რაიონში, კერძოდ, წინუბნის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 97 470 კვ.მ.-ზე ახლო მომავალში ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანა უნდა აშენდეს, ამასთანავე უნდა მოეწყოს ქვის სამტვრევი გამანაწილებელი კომპლექსი თავისი ქვიშის სარეცხის საწრეტი ავზებით.
დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, წლების წინათ, მეფრინველეობის ფაბრიკა არსებობდა, რაც საწარმო-სასოფლო მეურნეობის დანიშნულებას შეესაბამებოდა. ტერიტორია, რომელიც გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა, ლოჭინის ხეობის მიმდებარედ, სასოფლო და რეკრეაციულ ზონებს შორისაა მოქცეული. ადგილობრივი მოსახლეობა ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-საკურორტო სტატუსის შესაბამისი პროექტების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას ითხოვს.გულიკო ზუმბაძის თქმით, 2017 წლის 18 ივლისს, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველო”, მათ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტში აღნიშნულ ტერიტორიებს სასოფლო-საკურორტო ზონის სტატუსს უნარჩუნებს, რაც მხოლოდ საბაღე-ფერმერული და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების განვითარებას გულისხმობს.
საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, გულიკო ზუმბაძემ, 20 ივლისს მიმართა თბილისის მერიას, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს წინადადებით, უარი თქვან დიდ ლილოში არასასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე და მოითხოვა, შემუშავდეს დედაქალაქის საგარეუბნო აგროპოლიტიკა, დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური პროექტები საგარეუბნო სოფლის მეურნეობის საწარმოების ხელშეწყობისა და განსავითარებლად.
დეპუტატის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ლილოს, ნასაგურისა და წინუბნის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“მაშინ, როდესაც საკრებულოს თვითმმართველობაში წარმოდგენილია თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გეგმის პროექტი, რომელზეც მუშაობდა „სითი ინსტიტუტი- საქართველო“, ამ ტერიტორიას და მასთან ერთად, შემოერთებულ სოფლებს მინიჭებული აქვს სასოფლო და სააგარაკე სტატუსი, შესაბამისად დაუშვებელია ამ ტიპის მშენებლობები, მით უმეტეს რომ ამ ტერიტორიებზე არის ქალაქის ნარჩენების პოლიგონი, ნაგავსაყრელი. როგორც იქნა დაიწყო კონსერვაციისა და მოწესრიგების სამუშაოები. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მორალურად, ფიზიკურად არიან დაზარალებული, მათ ქონებას ფასი დაეკარგა. იმის ნაცვლად, რომ მათ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო შეუქმნან, ბეტონის ქარხანა შემოაქვთ. ასეთ პირობებში შეუძლებელია ფერმერული მეურნეობის აღორძინება”,- აცხადებს დეპუტატი.
გულიკო ზუმბაძე არ გამორიცხავს, ტერიტორიას სტატუსი შეუცვალონ და ის სასოფლო და სააგარაკე დანიშნულების აღარ იყოს, რითაც დაზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა.“შესაძლოა გენგეგმაში ცვლილებები შეიტანონ. მიწათსარგებლობის ახალი გეგმა მაისში უნდა დაემტკიცებინა საკრებულოს, მაგრამ მისი განხილვები დღემდე გრძელდება. ვეჭვობ, საკრებულოს ახალ შემადგენლობას მიაღებინებენ და ცვლილებებს შეიტანენ, როგორც თვითონ სურთ და ამ დასახლებას სტატუსს შეუცვლიან”,- განაცხადა ზუმბაძემ.