მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  ივნისი  2017

    სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხნის პროექტი რამდენიმე თვეა შეჩერებულია

    სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხნის პროექტი რამდენიმე თვეა შეჩერებულია. პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა ცეზარ ჩოჩელმა "საქმის კურსს" ჯერ კიდევ მარტში განუცხადა, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები შედიოდა, რის გამოც ქარხნის მშენებლობა დეკემბრიდან დაპაუზებული იყო.

    ქარხნის მშენებლობის შეჩერებას "საქმის კურსთან" ადასტურებს სენაკის გამგებელიც. გოჩა დგებუაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროექტის მფლობელებს გარკვეული შეუთანხმებლობა ჰქონდათ ინვესტორებთან და ახალ დამფინანსებლებს ეძებდნენ.

    "საქმის კურსი" პროექტის დეტალებთან დაკავშირებით შპს "ქართული სამშენებლო მასალების კომპანიასაც" დაუკავშირდა, რომელიც პროექტს უშუალოდ ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი მინდია გუმბარიძე აცხადებს, რომ პროექტს ახალი ინვესტორები ნამდვილად ჰყავს, თუმცა, მათთან ერთად პროექტში რჩება ჩინური „ჰუალინგიც“.

    მისი ინფორმაციით, პროექტში ამ დრომდე გარკვეულლი პარამეტრები იცვლებოდა, რის გამოც ქარხნის მშენებლობა შეჩერებულია. მინდია გუმბარიძე ამბობს, რომ სენაკში ქარხნის მშენებლობა ერთ თვეში განახლდება.

    "პროექტის სიმძლავრეები იგივე დარჩა, უბრალოდ, ტექნიკური შემადგენლობები შეიცვალა. გადაკეთებებმა მოითხოვა ამდენი დრო. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი კომპნიები, ასევე ჰუალინგი და ასევე სხვა უცხოური კომპანიები. სხვა ახალი ინვესტორებიც გვყავს",- აცხადებს მინდია გუმბარიძე.

    მისივე თქმით, სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხანა 2018 წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

    სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

    2016 წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და „შპს. შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.

    სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი.

     

     

     


პარტნიორები