მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ნოემბერი  2016

    საქართველოში პირველი აგროჰაბი იხსნება

     საქართველოში პირველი „აგროჰაბის" მარკეტი გაიხსნება. „აგროჰაბის" გენერალური დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი აცხადებს, რომ პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მისივე განმარტებით, „აგროჰაბი" ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.


    მისივე განმარტებით, „აგროჰაბში" იქნება სხვადასხვა სახის წარმოება და 150 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.


    ჯაშიაშვილის განცხადებით, აგროჰაბში ნატურალური, ახალი, ჯანსაღი აგროპროდუქტი გაიყიდება. რაც შეეხება წარმოებას, კომპანიას ექნება რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც მოხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება, როგორიცაა არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის" ბრენდით გაიყიდება.


    გარდა ამისა, „აგროჰაბში" სხვადასხვა სახის წარმოება იქნება. კერძოდ, საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტის. „საქართველოში Sea food-ის კულტურა არ არის და გვინდა, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ. ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ფრეშ და ცოცხალ ზღვის პროდუქტებს, როგორიცაა რვაფეხები, ლობსტერები.... და ა.შ. ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება ზღვის პროდუქტების მსგავსად შეიძინოს სხვადასხვა ასორტიმენტის თევზი" -აცხადებს ჯაშიაშვილი.


    მისივე განმარტებით, კომპანია „აგროჰაბს" გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით (სიმინდი, ხორბალი და ა.შ.) ყოველგვარი დანამატების გარეშე. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება აგროჰაბის მარკეტში.


    „აგროჰაბის" მარანში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 11 დასახელების ცოცხალი ღვინო. ღვინის ასორტიმენტში იქნება ისეთი სახეობები როგორიც არის უსახელაური, ოჯალეში, ხვანჭკარა, საფერავი და სხვა.როგორც ჯაშიაშვილი ამბობს, „აგროჰაბში" მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს თანამედროვე და მაღალი სტანდარტებით დამზადებული მრავალფეროვანი ასორტიმენტის„ოჯახური" მურაბები და მჟავეული.


    კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „აგროჰაბში" ამ დროისთვის ISO 22000 სტანდარტების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად „აგროჰაბში" იქნება სამი სახის ლაბორატორია: ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ევროპული დანადგარებით.


    ამასთან, ჯაშიაშვილის განმარტებით, „აგროჰაბში" სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტებიც გაიყიდება როგორიცაა ნატურალური ლორი, თაფლი და სხვა გემრიელი პროდუქტები. მისივე თქმით, ხილ-ბოსტანს მარკეტში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმობა, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანის საშუალებას მისცემს.


    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯაშიაშვილის თქმით, 2017 წელს კომპანია თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მარკეტის დამატებას გეგმავს. პირველი "აგროჰაბის" მარკეტი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე N22-ში მდებარეობს.

     

     

         ავტორი : სოფო ქსოვრელი 


პარტნიორები